გურჯაანის იოანე მახარებლის ეკლესია

გურჯაანის იოანე მახარებლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის ძველ სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

2008 წელს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები (არქიტექტურული რესტავრატორი იყო ნ. მინდორაშვილი). აღდგა შესავლელის წირთხლები და გადახურვა, გარეთა კედლების დანგრეული ნაწილები, მოეწყო აგურის ხერხულა, ოთხსაფეხურიანი ლავგარდანი, შენობა გადაიხურა ღარისებრი კრამიტით.

ეკლესია დარბაზულია (5.3 x 3.6 მეტრზე). ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით, აქა-იქ გამოყენებულია აგურიც. შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი სწორკუთხაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიულ აფსიდში გაჭრილია ვიწრო ოთხკუთხა სარკმელი, რომლის ჩრდილოეთით ერთი განიერი ოთხკუთხა ნიშაა, ხოლო სამხრეთით კი ორი. კონქის თაღი ნახევარწრიულია. მსგავსი ფორმისაა კამარაც. დასავლეთ კედელში, შესასვლელის თავზე, ოთხკუთხა სარკმელია (გარედან ქვედა ნახევარი აღდგენილია) გაჭრილი.

ეკლესია გადახურულია ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა

რედაქტირება