გუმბათის ციკლოპური ციხე

გუმბათის ციკლოპური ციხეეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუმბათში. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე გუმბათის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1650 მ. სიმაღლეზე.

ციკლოპური სიმაგრის კედლები ნაგებია დიდი ზომის ლოდებით, ორპირად მშრალი წყობით, შიდა არე შევსებულია მომცრო ზომის ქვებით. გეგმაში ციხე ოთხკუთხა ფორმისაა. ზღუდის ფორმა ტალღისებურია, კუთხეებში და შუაში მძლავრი ბურჯებია. ციხეში შესასვლელი სამხრეთის მხრიდანაა. ძეგლი წარმოადგენს კომპლექსს, რომელიც შედგება ნამოსახლარისა და ციტადელისაგან. ნამოსახლარი განფენილია მთის ფერდობზე, ციტადელი კი მთის თხემზე, რომელიც აღმოსავლეთის მხარეს ციცაბოდ ეშვება მდინარის ნაპირამდე. ციხესიმაგრის კომპლექსი ორი ნაწილისაგან შედგება — მთავარი ციხისა (ციტადელი) და მასზე სამხრეთიდან მიშენებული გალავნისაგან. ქვედა გალავანს სავარაუდოდ ორი შესასვლელი ჰქონდა — სამხრეთისა და დასავლეთის მხრიდან. ციტადელში შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს. კომპლექსის ყველა კედელი ნაგებია დიდი ზომის ლოდების ორპირა წყობით, რომელთა შორის არე ქვებითაა ამოვსებული. ციტადელის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში არსებულ ბურჯში ნიშისებური შეღრმავებაა გამართული. ნამოსახლარი უშუალოდ ებმის სასიმაგრო სისტემას სამხრეთის მხრიდან და თავისი მცირე ზღუდით ერთიანი სისტემის ნაწილის წარმოდგენას. ნამოსახლარზე აკრეფილი თიხის ჭურჭლის მცირე ფრაგმენტები გვიანბრინჯაო-რკინის ხანას და ადრეულ შუა საუკუნეებს განეკუთვნება. ძეგლი საკმაოდ დაზიანებულია. ციტადელის და გალავნის კედლები თითქმის საფუძვლის დონეზეა შემორჩენილი. ნამოსახლარის გამაგრების კვალი მხოლოდ ალაგ-ალაგაა შემორჩენილი.

გუმბათის ციკლოპურ ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5524