გულგულის ყველაწმინდის ეკლესია
გულგულის ყველაწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ გულგულის შუა ნაწილში, მთავარი გზის პირას.
ნაგებობა ქრონოლოგიურად განსხვავებულ ორ სამშენებლო ფენას შეიცავს, რომლებიც სხვადასხვა საშენი მასალით არის შესრულებული. თავდაპირველი ფენა, რომელიც, მეტ-ნაკლებად, ყველა კედლებს შემორჩა, სავარაუდოდ, XVI საუკუნის მიწურულით შეიძლება დათარიღდეს. იგი მოზრდილი ზომის, რიყის ქვითაა ნაწყობი, წყობა ირეგულარულია. კედლის ზედაპირი გასწორებულია, მოყვითალო ფერის, კირის წმინდა ხსნარით რომელიც ქვებს შორის არსებულ არეებს ავსებს და ნაწილობრივ, მათ ზედაპირებსაც ფარავს. ეს ფენა ყველაზე მეტად აღმოსავლეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს შემორჩა. აღმოსავლეთ ფასადზე იგი თითქმის პრონტონის ძირამდე აღწევს, ჩრდილოეთისაზე მიწის დონიდან 1 მეტრის სიმაღლეზე, დასავლეთ ფასადზე კი, 2-2,5 მეტრის სიმაღლეზე. მოგვიანებით(როგორც ჩანს XIX საუკუნეში), დანგრეული ეკლესია აღუდგენიათ. განახლებული ნაწილები როყის წვრილი ქვის და აგურისაა. თითქმის მთლიანადაა განახლებული სამხრეთი კედელი. მასში ძველი ფენიდან უმნიშვნელო ნაწილიღა შეიმჩნევა.
ეკლესია დარბაზულია (6,2x3,8 მეტრი). შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი გარედან დასრულებულია ნახევარწრიული თაღით, თაღს აშკარად ატყვია გვიანდელი შეკეთების კვალი. ადრე იგი ჩასმული ყოფილა კედლის მცირედ შეღრმავებულ სწორკუთხოვან არეში(თითქმის მთლიანადაა ამოშენებული), რომელსაც კუთხით შვერილი აგურებით გამოყვანილი, ვიწრო ზოლი აგვირგვინებდა(შემორჩენილია შეღრმავების სამხრეთ კიდე და ზოლის მცირე ნაწილი). შესასვლელს შიგნიდან ხის ბრტყელი გადახურვა აქვს.
ეკლესიის შიდა სივრცე აღმოსავლეთით დასრულებულია თითქმის სწორ კედლებიანი საკურთხევლით, რომელიც აღმოსავლეთისკენ შესამჩნევად ვიწროვდება. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია სწორკუთხა, უსწორმასწორო გვერდების მქონე სარკმელი, მისი ღიობი გარედან, მოგვიანებით ( როგორც ჩაცნს შესასვლელის თაღის შეკეთებისას) ამოუშენებიათ და კედლის მნიშვნელოვან ნაწილთან ერთად შეულესავთ. ერთი სარკმელი დარბაზის დასავლეთ კედელშიცაა, იგი კედლის განახლებულ ფენაშია მოქცეული, ინტერიერისაკენ შესამჩნევად ფართოვდება და, როგორც შემორჩენილი კვალით დგინდება, ქვის ბრტყელი გადახურვა ჰქონია. საკურთხევლისა და დარბაზის საზღვარზე თვითნაშენი, ოთხწახნაგა ტრაპეზი დგას. ტრაპეზის მსგავსი ნაგებობა, საკურთხევლის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეშიცაა, ამ ადგილას არსებული მცირე ნიშის ქვემოთ. როგორც ჩანს, იგი სამკვეთლოდ გამოიყენებოდა. ერთი სწორკუთხა ნიშა საკურთხევლის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეშიცაა. საკურთხეველს ტლანქად ნაწყობი კამარისებრი გადახურვა აქვს. გადახურვის ქუსლის დონეზე - ჩრდილოეთით და სამხრეთით, თითო მცირე სამალავია. დარბაზი გადახურულია კვერცხისებრი კამარით. ეკლესიის დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის ზემოთ, მცირე ნიშა იყო მოწყობილი, რომელიც მოგვიანებით ამოუშენებიათ.
XXI საუკუნის პირველი ათწლეულის მეორე ნახევარში, სოფლის მოსახლეობას ეკლესია შეუკეთებიათ: შიგნით ეკლესია შეულესავთ გაჯით, განუახლებიათ კედლების ზედა ნაწილები, მოუწყვიათ აგურის, ორსაფეხურიანი ლავგარდანი და შენობა ღარისებრი კრამიტით გადაუხურავთ.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 176-177.