გუდბაი, ლენინ! (ფილმი)
გუდბაი, ლენინ! (ინგლ. Good bye, Lenin!) — გერმანული ფილმი გდრ-ის გაუქმებაზე, რომელშიც აღწერილია თუ როგორ ცდილობენ და-ძმა ავადმყოფი დედისთვის გდრ-ის იმიტაციას მისი ოთახის ფარგლებში. შედეგად, ფილმის მთავარი გმირები, რომლებიც გდრ-ის გაუქმებას ენთუზიაზმით შეხვდნენ, ქმნიან ვირტუალურ გდრ-ს, რომელიც ასახავს მათ გაუმართლებელ მოლოდინებს არარსებული სახელმწიფოსგან.
„გუდბაი, ლენინ! Good bye, Lenin!“ | |
---|---|
რეჟისორი | ვოლფგანგ ბეკერი |
პროდიუსერი | სტეფან ანდტი |
როლებში |
დანიელ ბრიული ჩულპან ხამატოვა კატრინ სასი მარია სიმონი |
კომპოზიტორი | იან ტიერსენი |
ხანგრძლივობა | 121 წთ. |
ქვეყანა | გერმანია |
ენა | გერმანული ენა |
ბიუჯეტი | 4,8 მლნ ევრო |
სიუჟეტი
რედაქტირებაგდრ-ის ტიპური ოჯახის ბედნიერება ინგრევა, როდესაც მამა მიდის მივლინებაში და აღარ ბრუნდება. ის დასავლეთ გერმანიაში გაიქცა. დედას, კრისტინა კერნერს, უწევს შტაზის აგენტების კითხვებზე პასუხის გაცემა, რის შემდეგაც იგი რამდენიმე კვირას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ატარებს, სადაც მოსიყვარულე შვილები აკითხავენ. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ კრისტინა პირად ცხოვრებაზე უარს ამბობს და საკუთარ თავს უძღვნის ბავშვების აღზრდას სოციალიზმის იდეალებზე.
1989 წლის ოქტომბერში ბერლინში იწყება ანტიკომუნისტური დემონსტრაციები, რომელშიც კრისტინას ვაჟი ალექსიც იღებს მონაწილეობას. კრისტინა შეესწრება, თუ როგორ სცემეს და დააპატიმრეს პოლიციელებმა ალექსი, შოკისგან გულის შეტევა დაემართება და კომაში ვარდება. ალექსი თავს დამნაშავედ გრძნობს. ბევრ დროს ატარებს საავადმყოფოში უგონო დედასთან, სადაც გაიცნობს ახალგაზრდა მედდას რუსეთიდან.
სანამ ალექსი და მისი და, არიანა, საავადმყოფოში დედას უვლიან, ქვეყანაში დრამატული ცვლილებები ხდება: გადადგა ერიხ ხონეკერი, გდრ-ი გაუქმდა, ბერლინის კედელი დაინგრა და აღმოსავლეთში შემოაბიჯა კაპიტალიზმმა. შეიცვალა ალექსის და არიანას ცხოვრებაც. ქარხანა, რომელშიც ალექსი მუშაობდა, დაიხურა; არიადნამ სწავლას თავი დაანება და მუშაობა დაიწყო სწრაფი კვების რესტორანში, სადაც დასავლეთ-გერმანელ ბიჭს დაუმეგობრდა. ალექსმა კი დაიწყო ახალი სამსახური, სადაც დასავლელ კოლეგასთან, დენისთან ერთად, სატელიტურ ანტენებს ამონტაჟებს.
8 თვის შემდეგ კრისტინა გონზე მოდის. ექიმებმა გააფრთხილეს ალექსი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მისი აღელვება შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. ალექსს მაინც გადაყავს დედა სახლში და ცდილობს მისთვის შექმნას გდრ-ის გარემო. ფილმის მეორე ნახევარი ეთმობა ალექსის და არიანას მცდელობებს არ გააგებინონ დედას მომხდარი ცვლილებების შესახებ. ალექსი დიდი წვალებით შოულობს გდრ-ში არსებულ ყავის ქილებს და მასში ყრის ბრაზილიურ ყავას, ასხამს ახალ კონსერვებს ნაგავში ნაპოვნ და გამოხარშულ ქილებში.
უქმდება გდრ-ის მარკა. ფულის გადაცვლისათვის მოქალაქეებს ცოტა დრო აქვთ. ალექსმა და არიანამ გადაქექეს სახლი, მაგრამ ვერსად იპოვეს დედის შემნახველი სალაროს წიგნაკი. ბოლოს ჰკითხეს დედას ფულზე, აღმოჩნდა რომ მას საგანგებო სამალავი ჰქონდა, მაგრამ არ ახსოვს სად აქვს დამალული ფული, ხოლო, როდესაც გაახსენდება, გადაცვლის ვადა უკვე ამოწურულია. გულგატეხილი ალექსი სახლის სახურავიდან ყრის დედის გაუფასურებულ დანაზოგებს.
ერთ დღეს დედამ ალექსს ტელევიზორის მის ოთახში დადგმა მოთხოვა. ალექსმა ტელევიზორი ვიდეო მაგნიტოფონს მიუერთა და თავის მეგობართან, დენისთან ერთად, რომელსაც რეჟისორობის ამბიციები ჰქონდა, წერს და ამონტაჟებს გდრ-ის საინფორმაციო გამოშვებებს. ალექსი ცდილობს დედისთვის მისაღებ ფორმებში ახსნას სახლების კედლებზე გამოჩენილი აბრები. კრისტინა იწყებს სიარულს და ხედავს უამრავ დასავლურ მანქანებს, რასაც ალექსი ასევე ხსნის დასავლეთიდან წამოსული ლტოლვილებით.
აგარაკზე კრისტინა გამოუტყდება შვილებს, რომ მან იცოდა მათი მამის წასვლის ამბავი, მას ნორმალურად მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ და დასავლეთში გადასვლის შანსის ხელიდან გაშვება არ უნდოდა. კრისტინა და ბავშვებიც უნდა წასულიყვნენ, მაგრამ მან ვერ გაბედა ეს. მამა წერილებს იწერებოდა, რომლებიც სამზარეულოს კარადის უკან არის დამალული. იმავე საღამოს კრისტინას მეორედ დაემართა ინფარქტი.
ალექსმა მამა იპოვა და მოიყვანა საავადმყოფოში დედასთან დასამშვიდობებლად. მან ნახა ტაქსისტი, რომელიც გასაოცრად ჰგავდა ზიგმუნდ იენს, პირველ გერმანელ კოსმონავტს. იგი მოელაპარაკა მას და დენისის დახმარებით ახალი ტელესიუჟეტი გადაიღეს იმაზე, თუ როგორ გახდა ზიგმუნდი გდრ-ის ახალი კანცლერი და გადაწყვიტა საზღვრების გახსნა. კრისტინა მალე მოკვდა, ისე, რომ არ უთხრა ალექსს, რომ მედდა ლარამ ყველაფერი უამბო კედლის დანგრევასა და ქვეყნის გაერთიანებაზე.