გუგული გოდერძიშვილი
გუგული ილიას ძე გოდერძიშვილი (დ. 17 ოქტომბერი, 1927, საგარეჯო — გ. 7 სექტემბერი, 2008, თბილისი) — ქართველი ვეტერინარი ექიმი. ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1970), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1981). საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1995; წევრ-კორრესპოდენტი – 1992).
ბიოგრაფია
რედაქტირება1950 წელს დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკური-სავეტერინარო ინსტიტუტი. 1968 წლიდან იყო საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის პარაზიტოლოგიის კათედრის გამგე, 1992-1999 წლებში — ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო დარგში. 1997-1998 წლებში იყო რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 2003 წლიდან ინსტიტუტის პარაზიტოლოგიისა და ვეტერინარულ-სანიტარულ ექსპერტიზის კათედრას გოდერძიშვილის სახელი ეწოდა. გოდერძიშვილის სამეცნიერო შრომები ეხება სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ფასციოლოზის, დიკროცელიოზის, ცხვრის მონიეზიოზის, თიზანიეზიოზის, ავიტელინოზის, სტრონგილიატოზების ბიოლოგიისა და ეპიზოოტოლოგიის შესწავლას, მათ ქიმიოთერაპიასა და ქიმიოპროფილაქტიკას. მანვე შეიმუშავა ზოგიერთი ჰელმინთოზის საწინააღმდეგო ღონისძიებანი, რომლებიც დანერგილია სავეტერინარო პრაქტიკაში. გოდერძიშვილის ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით საწარმოო პირობებში მომზადდა პრეპარატი დარიშხანმჟავა კალა (კალას არსენატი), გამოინახა ამ ჯგუფის ახალი ანტიჰელმინთური საშუალებები (თუთიის, მანგანუმისა და კალციუმის არსენატი), რომლებიც გამოიყენეს საბჭოთა კავშირში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცესტოდოზების, ე. ი. ლენტისებრი ჭიებით გამოწვეული დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. გოდერძიშვილი ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა, აქვს 4 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2000).
ლიტერატურა
რედაქტირება- კაპანაძე კ., გამოჩენილი მეცნიერი და პედაგოგი (გუგული გოდერძიშვილი), თბ., 1999.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 74.