გრძელმტევანა
გრძელმტევანა, ტყის ვაზი, ინსტიტუტის გრძელმტევანა, გრძელმტევნიანი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.
სახელწოდება ამ ჯიშისთვის დამახასიათებელი მტევნების ზომის მანიშნებელია. გრძელმტე-ვანა ყურადღების ცენტრში პირველად 1933 წელს მოექცა, როდესაც საქართველოს მევენახეობის რაიონების გამოკვლევისას სოფელ ბოდბისხევში იპოვეს. მევენახეობის ინსტიტუტის მიერ ამ ჯიშის შესწავლა-გადარჩენაში შეტანილი წვლილის აღსანიშნავად ჯიშს ინსტიტუტის გრძელმტევანა უწოდეს.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, იშვიათად ოვალური ფორმის, ხუთნაკვთიანი, გვხვდება სამნაკვთიანებიც. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრად საშუალოდაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი გრძელია და დატოტვილი, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის. თხელია, ზოგჯერ საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოვალური. მომწვანო-მოყვითალო ელფერის. კანი თხელი აქვს, მაგრამ მვვრივი, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, მდნარი, ტკბილი, სასიამოვნო გემოთი და სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით.
გრძელმტევანა საშუალო ზრდის ვაზია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 124-159 დღის ფარგლებში მერყეობს და სრულ სიმწიფეს სექტემბრის შუა რიცხვებში აღწევს. მტევნის წონა 250-300 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 9.0-10.0 ტონა. სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.5-9.4 გ/ლ-ს.
მიიღება მაღალი ღირსების ევროპული მშრალი ღვინო. იგი მოყვითალო ჩალისფერია, კრიალა, ნაზი, შინაარსიანი და ჰარმონიული. სასიამოვნოდ გამოკვეთილი ჯიშური არომატით და კარგი გემოთი, ხოლო დაძველების შემდეგ ღვინის ხარისხი საგრძნობლად უმჯობესდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 99