გრიგოლ ადელხანოვი

სომეხი მეწარმე, კომერსანტი

გრიგოლ ადელხანოვი (დ. 1848 მოსკოვი — გ. 1917 თბილისი) — სომეხი მეწარმე, კომერსანტი.

საქმიანობა

რედაქტირება

გრიგოლ ადელხანოვი დაიბადა მოსკოვში, 1848 წელს. პეტერბურგის კომერციული სასწავლების დამთავრების და გერმანიაში სტაჟირების გავლის შემდეგ, ადელხანოვი გააგზავნეს კავკასიაში, რუსეთის ადმინისტრაციული რიგითი მოხელის სახით. თბილისში საცხოვრებლად დამკვიდრებული, იგი თავდაპირველად საბანკო საქმეში ჩაერთო, ხოლო მოგვიანებით მრეწველობაში გადაინაცვლა. 1872 წელს ადელხანოვი გახდა თბილისის ურთიერთკრედიტის საზოგადოების მმართველი, რომელიც წარმატებულ საფინანსო ინსტიტუტად აქცია.

პირველი ტყავის ქარხანა ადელხანოვმა 1875 წელს ორთაჭალაში გახსნა. პარალელურად მან ფეხსაცმლის წარმოებაც დაიწყო, ამ სფეროში ლიდერული პოზიცია დაიკავა და ფართო აღიარებას მიაღწია, დაიმსახურა არაერთი ჯილდოც. თბილისის გარდა მისი მაღაზიები და საწყობები იყო პეტერბურგში, ბაქოსა და ვლადიკავკაზში. ადელხანოვს სახელი გაუთქვა თბილისში თექის ფაბრიკამ, რომელიც 1889 წელს თვითონ დააარსა. განსაკუთრებულად დიდი მოგება ქურთუკების წარმოებას მოჰქონდა, რომელიც ციმბირსა და მსგავს ადგილებში იყო მოთხოვნადი.

ადელხანოვის კუთვნილებაში შედიოდა მტკვირის პირას მდებარე ორსართულიანი ვილა და რამდენიმე საწარმო. იგი ფლობდა მსხვილი სააქციო გაერთიანების „კავკასიაში ტყავისა და თექის წარმოების გ. ადელხანოვის სააქციო საზოგადოების“ საკონტროლო პაკეტს. გრიგოლ ადელხანოვი, როგორც მსხვილი მრეწველთა წარმომადგენელი, 1890 წელს თბილისის სათათბიროს ხმოსნადაც იყო არჩეული. პირველი მსოფლიო ომის დროს მისმა ფაბრიკამ მიიღო სამხედრო უწყების დაკვეთა, რისი დახმარებითაც მისი წარმადობა ორჯერ გაიზარდა, მაგრამ 1916 წლიდან ნედლეული შემცირდა, რის გამოც წარმოებას დაქვეითების საშიშროება ელოდა. გრიგოლ ადელხანოვს ჰქონდა მინიჭებული კომერციის მრჩევლისა და თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ადელხანოვი თავისი ქონების ნაწილს ახმარდა ქველმოქმედებას და ეხმარებოდა ოსმალეთის მიერ შევიწროებულ სომხებს. იგი ასევე აქტიურად იყო ჩართული საგანმანათლებლო სფეროში. კერძოდ: იყო თბილისის კომერციული სასწავლებლის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარე და თბილისის სომხური საქველმოქმედო საგანმანათლებლო საზოგადოების გამგეობის წევრი. ასევე ადელხანოვი სათავეში ედგა ციხის კომიტეტს, სადაც კონტროლს ახდენდა პატიმრების მოპყრობაზე.

გარდაცვალების შემდეგ

რედაქტირება

გრიგოლ ადელხანოვი გარდაიცვალა 1917 წელს. მისი ბიზნესი განაგრძო მისმა ვაჟმა, რომელსაც მემკვიდრეობით დარჩა საწარმო. მან განაგრძო პროდუქციის გამოშვება. თბილისელთა შორის პოპულარობა მოიპოვა „ადელხანოვის ჩუსტებმა“. 1920 წლიდან, არასტაბილური მდგომარეობის გამო, ადელხანოვის სააქციო საზოგადოებას მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდა და ამიტომ ფაბრიკაში მუშაობა შეჩერდა. მას შემდეგ რაც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, ადელხანოვის საწარმოები ნაციონალიზაციას დაექვემდებარა. ადელხანოვის შვილი, თავისივე ყოფილ ქარხანაში ინჟინრად დანიშნეს, მაგრამ შემდგომ საბოტაჟში დაადანაშაულეს და ყარაღანდის ოლქის შრომა-გასწორების ბანაკში გადაასახლეს, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. 1924 წელს მოხდა ფაბრიკის რეკონსტრუქცია, და 1930-იანი წლების შუა ხანებამდე ფუნქციონირებდა. ხოლო მოგვიანებით მოხდა სანაპიროების გაშენება, რის შედეგადაც საწარმო დაანგრიეს.

ორთაჭალაში ადელხანოვების სახლის დიდი ნაწილი, რომელიც ოფიციალურად ისტორიული ძეგლის სტატუსით არ სარგებლობდა, 2023 წელს კერძო კომპანიის მიერ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დროს დაინგრა.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯანელიძე ო., „ზუბალაშვილები, დავით სარაჯიშვილი, აკაკი ხოშტარია, მიტროფანე ლაღიძე და სხვანი…“ თბ., 2020, გვ. 401-403.