გრემის II სასახლე — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ გრემში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ეგრეთ წოდებულ მეფე-დიდებულთა უბანში, მდინარიდან 60-70 მეტრ მანძილზე. მთლიანად დანგრეულია. ნანგრევებში გაირჩევა სხვადასხვა დროის ოთხი სამშენებლო ფენა. ყოველი შემდეგი ნაგებობა ძველ საძირკველზე კი არ არის დაშენებული, არამედ იქვე ახლოს, ახალი გეგმითაა აგებული. სასახლის გეგმა, დაზიანების გამო, სრულად არ იკითხება. მისგან შემორჩენილია მხოლოდ საძირკვლის ნაწილები. ამავე პერიოდს განეკუთვნება ნანგრევების სამხრეთ განაპირას მდებარე ნაგებობის ნაშთიც. ამ ნაგებობის დანგრევის შემდეგ, მისი სამხრეთი კედლის ნაწილის გამოყენებით აუგიათ უფრო დიდი ნაგებობა, რომლის კედლები 2-3 მეტრ სიმაღლეზეა შემორჩენილი, მაგრამ პირველი სართულის იატაკი უფრო მაღლა მდებარეობდა. ამ ნაგებობის კედლები სხვებისგან განსხვავებულადაა ნაგები. საშენ მასალად ძირითადად გამოყენებულია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვა, რომელთა შორის დარჩენილი არეები წვრილი ქვითაა შევსებული. სასახლის დასავლეთით კიდევ რაღაც შენობა მდგარა. მისგან, დაზიანებული სახით, მოღწეულია კვადრატულ სვეტებზე დაყრდნობილი აივნის ნაწილი და აუზი, რომლებიც მის წინ მდებარე ეზოში იდგა. აუზი გეგმით კვადრატულია, სქელკედლებიანი. მასში წყალი კერამიკული მილებით შედიოდა. მომდევნო ხანებში ნანგრევებზე, აუგიათ კიდევ ერთი, გეგმით სწორკუთხა შენობა, რომელიც ადრე აგებულ სასახლეზე ბევრად უფრო პატარაა. მთავარი ფასადის მხარეს მას აქვს პილასტრები. აქაც შემორჩენილია პირველი სართულის იატაკი, რომელიც დანარჩენი ნაგებობებისგან განსხვავებით, მოფენილია სხვადასხვა ზომის დიდი აგურებით.

ლიტერატურა

რედაქტირება