გრემის ქულბაქები და ქარვასლა
გრემის ქულბაქები და ქარვასლა — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ გრემში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ეგრეთ წოდებულ სავაჭრო უბნის ცენტრალურ ნაწილში. ქულბაქების გეგმა აღმიდან დასავლეთის მიმართულებით წაგრძელებული სწორკუთხედია, რომლის შუაში იგივე მოხაზულობის ეზოა. ეზოში შესასვლელი ჩრდილოეთ მხრიდანაა. ეზოს ირგვლივ, ერთმანეთის მიყოლებით განლაგებულია დუქნები, რომლებსაც მცირე გამონაკლისების გარდა, თითქმის ერთნაირი აგებულება აქვს - მოგრძო, ყრუკედლებიანი შეისრულკამაროვანი სათავსი, რომლის წინ იმავე სიგანისა და 1,5 მეტრი სიღრმის ლოჯიაა. დუქნები ერთდროულადაა ნაგები. კედლები და კამარები ნაწყობია ნატეხი ქვით. ყველა დუქანს ჰქონია ბუხარი. ზოგიერთი დუქანი ორსართულიანი ყოფილა. ჩრდილოეთი რიგის დასავლეთ კიდეში მდებარე ორსართულიანი დუქნების ქვემოთ სარდაფებია, რომლებიც ერთმანეთს კარით უკავშირდება. ორივე სარდაფის კედლები შელესილია. შესაძლოა, ისინი მაცივრის როლს ასრულებდა. ამავე რიგის ერთ-ერთი დუქნის უკანა ნაწილში, დაბალი კედლით, გამოყოფილია ვიწრო ადგილი, რომლის კედლები შიგნიდან წყალგაუმტარი ხსნარითაა შელესილი. ეზოს დასავლეთ რიგში ოთხი დუქანია. მათგან სამს დასავლეთიდან ეკვრის ერთიანი, მოზრდილი სათავსი, რომელიც კარით მხოლოდ განაპირა დუქნებს უკავშირდება. შუა დუქანში აგებულია ექვსგვერდი აუზი. სავარაუდოდ, ეს დუქანი „სალხინო“ ადგილიც იყო.
ჭიშკართან, ეზოში გასასვლელის აღმოსავლეთ გვერდში, მოწყობილია პატარა სათავსო, რომელიც დანარჩენი სათავსოებისგან როგორც ფართობით, ისე ორიენტაციითაც განსხვავდება. სამხრეთ რიგში თანაბარი ფართობის ათი სათავსია, აღმოსავლეთ რიგში კი - ოთხი. მათგან ორს ლოჯია ეზოს მხარეს აქვს, ორს კი - ქარვასლაში გასასვლელის მხარეს. ქარვასლა ქულბაქებს აღმოსავლეთიდან ეკვრის. თავდაპირველად ამ ადგილას მდგარა მოზრდილი თონეებიანი შენობები, შემდეგ კი ქარვასლა აუგიათ. ამჟამად ქარვასლისგან მხოლოდ საძირკვლის ნაშთებია შემორჩენილი, რის გამოც მისი გეგმა ზუსტად არ იკითხება. შენობის გრძივი ღერძის ორივე მხარეს ერთრიგად განლაგებულია 16-16 სათავსო ფართობი მერყეობს 14 კვადრატული მეტრიდან 23 კვადრატულ მეტრამდე. მათ შორის კი განიერი ტალანი ყოფილა, რომლის იატაკქვეშ გადის წყალსადენი.
ქარვასლის სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლები შეჭრილია ქულბაქების აღმოსავლეთ კედელში, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ იგი ქულბაქებზე ადრე ყოფილა აგებული. ქულბაქებისა და ქარვასლის ტერიტორიაზე გათხრების დროს აღმოჩნდა ვერცხლისა და სპილენძის რამდენიმე მონეტა. მათი უმრავლესობა ცუდადაა დაცული. ერთი ვერცხლის მონეტა, რომელიც ქულბაქების ტერიტორიაზე იყო ნაპოვნი ეკუთვნის შაჰ-ისმაილს და თარიღდება 1502-1524 წლებით, ხოლო ორი სპილენძის მონეტა, რომლებიც ნაპოვნი იყო ქარვასლის ტერიტორიაზე, თარიღდება XV საუკუნის II ნახევრით.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 386.