გრემის ნაქალაქარის მეორე ეკლესია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გრემის ნაქალაქარის ეკლესია.

გრემის ნაქალაქარის მეორე ეკლესია — არქიტექტორული ძეგლი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გრემის ნაქალაქარის სავაჭრო უბნის ჩრდილოეთ განაპირას, მთის ფერდობზე. თარიღდება XV-XVI საუკუნეებით.

ეკლესია გუმბათოვანია, რომლის შიგნითა ჯვაროვანი გეგმა გარედან კვადრატშია ჩასმული. კედლები ძირითადად სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობითაა ნაგები. გუმბათი და გუმბათქვეშა კვადრატი მთლიანად აგურისაა. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან აქვს კარი შეისრული თაღითაა გადახურული. ჯვრის მკლავები საგრძნობლად მცირე სიღრმისაა, მათგან ერთი - აღმოსავლეთისა - აფსიდიანია, დანარჩენები - სწორკუთხა. სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავების ძირი ეკლესიის იატაკიდან 0.7 მეტრით მაღლაა. საკურთხევლის აფსიდი გვერდის მკლავებზე ოდნავ ღრმაა. ხოლო დასავლეთ მკლავს სიღრმით თითქმის სამჯერ აღემატება. აფსიდის ღერძზე თარაზულად გადახურული განიერი სარკმელია რომლის ორსავე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა. ერთი სწორკუთხა ნიშა ჩრდილოეთ მკლავის ჩრდილოეთ კედელშია. მისი ნახევარი კედლის სისქეშია მოქცეული, ხოლო ნახევარი რომელიც ირგვლივ ბრტყელი ქვებითაა შემოსაზღვრული, კედლის სიბრტყის გარეთაა. საკურთხევლის სარკმლის გარდა, თითო სწორკუთხა სარკმელი დანარჩენ მკლავებშიცაა.

საკურთხევლის გვერდებზე გეგმით სწორკუთხა, შეისრულიკამარით გადახურული სამკვეთლო და სადიაკვნეა, რომელთა იატაკი გვერდის მკლავების ძირების დონეზეა. ორივეს შესავლელი დასავლეთიდანაა, შესაბამისი მკლავიდან. ორივე კარი შეისრულთაღოვანია. სათავსები განათებულია აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი თითო სწორკუთხა სარკმლით.

ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართულია შიგნიდან მრგვალი, ხოლო გარედან რვაწახნაგოვანი გუმბათი. გუმბათქვეშა კვადრატიდან კუმბათის ყელის საფუძვლის წრიულ მოხაზულობაზე გადასვლა განხორციელებულია აფრების მეშვეობით. გუმბათის ყელში ოთხი მაღალი შეისრულთაღოვანი სარკმელია. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სარეკმლებს შორის, მცირე ზომის ხვრელია. შიგნით კედლები შელესილი ყოფილა.

ეკლესია გარედან მასიურია, ქვედა ნაწილი კუბური მასაა, ხოლო ზემოთ, სახურავის დონეზე. გამოყოფილია ფრონტონით დასრულებული ჯვრის მკლავები, რომლებიც იმდენად დაბალია, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე მკლავებისა და გვედის ნაწილების სახურავის კალთები თითქმის ერთ სიბრტყეშია მოქცეული.

ეკლესიის დასავლეთ კედელში ჩართული ყოფილა რამდენიმე ხაჩკარი, რომელთაგანაც ერთიღაა შემორჩენილი. ფასადები დასრულებულია ნატეხი ქვით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდნით შნობა გადახურულია კრამიტით.

ეკლესიას გარს ევლებოდა ნატეხი ქვით ნაგები, გეგმით სწორკუთხა მოხაზულობის გალავანი, რომლის კედლებში სამკურნალო დანიშნულების ნიშებია მოწყობილი.

ლიტერატურა რედაქტირება