გრემის თარსა გალავანი

გრემის თარსა გალავანიყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელი გრემის ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი დგას ნაქალაქარის დასავლეთ ნაწილში, ქარვასლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეკლესიის დასავლეთ შესასვლელის ზემოთ დაცული სამენოვანი წარწერის თანახმად აგებულია 1595 წელს, მეფე ალექსანდრე II-ის კარის მდივნის მათარსას დაკვეთით, როგორც თავისი “კარის ეკლესია”.

აღწერა რედაქტირება

ეკლესია სწორკუთხედში ჩაწერილი გუმბათოვანი ნაგებობაა. ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვის დიდი ლოდებით. გუმბათქვეშა კუთხეებში გამოყენებულია სპეციალურად გამომწვარი ლეკალური აგური. დაზიანებულია კედლების ზემოთა ნაწილები, მთლიანად ჩანგრეულია გადახურვა, ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათითურთ. ეკლესიას სამი ფართო შესასვლელი აქვს: სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით. შეისრული ფორმის კამარით გადახურულ თითოეულ მკლავში თითო, ფართო, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ჯვრის აღმოსავლეთ მკლავი თავისებურადაა გადაწყვეტილი: აქ ორ სართულად ორი საკურთხეველია მოწყობელი, რომელთაც გვერდებზე სწორკუთხა სადგომები ესაზღვრება. ქვედა საკურთხევლის იატაკი ერთი მეტრითაა ამაღლებული. საკურთხევლებსა და სადგომებში თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ზემოთა საკურთხეველი გაცილებით მაღალია. მისი კონქის თაღი ნახევარწრიულია. საკურთხევლის ბაქნის კიდეს ხის მოაჯირი გასდევდა. ქვემოთა საკურთხევლის გვერდებზე, ზედა საკურთხეველში ასასვლელად, მოწყობილია კიბეები, გვერდითა სადგომებიდან საკურთხეველთან მხოლოდ ზემოთა სადგომებია დაკავშირებული. ქვემოთა სადგომები კი, თითო თაღოვანი შესასვლელით, ჯვრის განივ მკლავებს უკავშირდება, ოთხივე სათავსო შეისრული კამარითაა გადახურული. პირველი სართულის ქვემოთ, მიწაში ღრმად ჩაძირულ საძვალეში, კიდევ ერთი საკურთხეველია, რომელში ჩასასვლელადაც ქვის კიბეა მოწყობილი.

კიბე მცირე შესასვლელს უკავშირდება. საძვალის საკურთხევლის კონქში, თაღოვანი, შიგნიდან გარეთ მკვეთრად ამაღლებული სარკმელია. ეკლესიის დასავლეთ მკლავი გვერდით ნაწილებთან განიერი, მაღალი, შეისრული თაღითაა დაკავშირებული. გვერდითი ნაწილების თავზე მოწყობილია მცირე სამალავები, რომლებში შესასვლელი ხვრელებიც შესაბამისი განივი მკლავებიდანაა. შიგნით კედლები შელესილი ყოფილა. შემორჩენილია ნალესობის ფრაგმენტები. ეკლესიის თაღები შეისრულთაღოვანი, შეღრმავებული თაღებით სამ-სამ მონაკვეთადაა დაყოფილი. მოპირდაპირე ფასადები დამუშავებით ერთმანეთის მსგავსია. ფასადის ღერძზე, ჯვრის მკლავების შესაბამისად, თითო მაღალი, შეღრმავებული არეა, მათ გვერდებზე კი - შედარებით დაბალი არე. ოთხივე ფასადზე შუა თაღები თითქმის თანაბარი სიგანისა და სიმაღლისაა, გვერდითი თაღები განივ ფასადებზე ვიწრო და მაღალია, გრძივ ფასადებზე კი, განიერი და დაბალი. ეკლესიას გარს ევლება რიყის ქვითა და ნატეხი ქვით ნაგების გალავანი, რომლისშემორჩენილი კედლების სიმაღლე სამ მეტრს არ აღემატება. გალავნის დასავლეთ კედელში თაღოვანი შესასვლელია. შესასვლელის გვერდებზე თითო შეისრული ნიშაა, მათ ზემოთ კი, თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშა. შესასვლელის ზემოთ ორი სათოფურია. გალავნის შიგნით, ეკლესიის ჩრდილოეთით, სხვა, ადრინდელი გალავნის ნაშთია, რომელიც, შესაძლოა ქალაქის ამ კვარტლის გალავნის ნაწილიც იყოს. არსებულ გალავანს ჩრდილოეთ მხრიდან აკრავს კედლებით შემოფარგლული პატარა ეზო.

ლიტერატურა რედაქტირება