გორის საცხოვრებელი სახლი (ვ. კახნიაშვილის 24)
გორის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი ქალაქ გორში, ვ. კახნიაშვილის 24-სა და ჟ. შარტავას ქუჩების გადაკვეთაზე, აგებულია XIX საუკუნეში. საცხოვრებელი სახლი (15,3×9 მ) ერთსართულიანია, ნაშენია აგურით, სარდაფი — აგურითა და რიყის ქვით. სახლს თავდაპირველად ორი საცხოვრებელი ოთახი და ორივე ქუჩსკენ გახსნილი სავაჭრო დუქანი ჰქონდა. ამჟამად ეს სათავსი გადაკეთებულია საცხოვრებელ ოთახად. ოთახებს შორის კორიდორია. მთავარი შესასვლელი კახნიაშვილის ქუჩიდანაა, მეორე — ოსტროვსკის ქუჩიდან, აივნიდან. სახლის კუთხე გზაჯვარედინის მხარეს წაკვეთილია და აქ სარდაფში ჩასასვლელი თაღოვანი კარია გაჭრილი. სარდაფში, საცხოვრებელი ოთახების ქვეშ, ორი დიდი სათავსი. სარდაფის კედლებში თაროებიანი თაღოვანი და სწორკუთხა თახჩებია. კახნიაშვილის ქუჩის მხარეს, ფასადზე, კარ-სარკმლებია მოჩარჩოებულია აგურის წყობით. სარკმლების ქვემოთ სწორკუთხა შეღრმავებებია. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- მახარობლიშვილი დ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 41.