გორის საკათედრო ტაძარი
გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გორისა და ატენის ეპარქიის საკათედრო ტაძარი და ეპისკოპოსის რეზიდენცია ქ. გორში, ლომოურის ქ. 7.
ისტორია
რედაქტირებატაძარი აგებულია 1806-10 წლებში, როგორც კათოლიკური ეკლესია. 1920 წ. ძლიერ დააზიანა მიწისძვრამ.
XX საუკუნის დამდეგს ტაძრის წინამძღვრი ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ჟურნალ „ჯვარი ვაზისას“ დამფუძნებელი, დონ დომენიკე მუღაშაშვილი იყო. ეროვნული საქმიანობისათვის დონ დომენიკე 1911 წელს იქნა მოკლული, დაკრძალულია ტაძრის ეზოში სხვა სასულიერო პირებთან ერთად. 1921 წელს, ბოლშევიკური დიქტატურის პირობებში, 26 მაისს, ტაძრის წინამძღვარი კონსტანტინე საფარიშვილი ქართული ეროვნული დროშით წარუძღვა ახალგაზრდობას ქალაქის ქუჩებში, რის გამოც დააპატიმრეს და სოლოვეცკის ბანაკში გადაასახლეს. 30-იან წლებში ტაძარი მოძღვრის გარეშე დარჩა, რის გამოც იგი დახურეს. ტაძრის შენობა კი სახალხო დეპუტატთა საბჭოს რაიონული აღმასკომს გადაეცა მფლობელობაში. XX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ტაძრის შენობა გორის კომკავშირს გადაეცა, სადაც ახალგაზრდულმა ცენტრმა საკონცერტო დარბაზი მოაწყო, ეკლესიაში მოთავსებული იყო გორის სამუსიკო სკოლა. „პერესტროიკის“ დაწყების შემდეგ, მორწმუნეთა დაჟინებული მოთხოვნით, დისკოთეკა გაუქმდა, თუმცა მორწმუნეთათვის ტაძარი ხელისუფლებამ არ დაუბრუნა; თბილისიდან პერიოდულად ჩასული კათოლიკე მღვდელი გორში, მორწმუნეთა ბინებში აღასრულებდა წირვა-ლოცვას. 1989 წელს ქალაქის აღმასკომმა გორის გაუქმებული კათოლიკური ტაძარი მართლმადიდებლებს გადასცა. 2000–იან წლებში ტაძარში სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა, რომლის მიზანიც კათოლიკური კვალის წაშლა იყო, განადგურდა ფრესკები.
არქიტექტურა
რედაქტირებაგორის საკათედრო ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის ეკლესიაა (24 X 15,6 მ, სიმაღლე 25 მ), ნაგებია აგურით. ეკლესიას მაღალი, განიერი და სწორკუთხა შესასვლელი დასავლეთით აქვს. შენობის გეგმა ჩაწერილი ჯვარია, რომლის მკლავები აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა წაგრძელებული. გუმბათის ყელი მდიდრულადაა მორთული — 12 მოჩარჩოებულ თაღოვან ფანჯარას შორის, შეწყვილებული ნახევარსვეტების კონაზე გადაყვანილია დეკორატიული თაღები. არეები ფანჯრებსა და დეკორატიულ თაღებს შორის შევსებულია რელიეფური წრეებით. ეკლესია გადახურულია მოთუთიებული თუნუქით. ინტერიერი მოხატულია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. 1950 წ. ინტერიერის კედლები შეათეთრეს, რამაც დაფარა მხატვრობა, თუმცა 1980–იან წლებში ფრესკები გაიწმინდა. ეს ფრესკები 2002–2003 წლებში მიმდინარე რემონტისას განადგურდა. მიმდინარეობს ტაძრის ახალიდან მოხატვა. ტაძარს ადგას ორი სამრეკლო, რომლებიც რვაწახნაგაა, თითოეულს ოთხ-ოთხი თაღი აქვს. სამრეკლოები დასრულებულია ნახევარსფერული გუმბათებით. 2000–იან წლებში ეზოში აშენდა ახალი, სამსართულიანი სამრეკლო და გალავანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 38-39. თბ., 1990
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სამთავისისა და გორის ეპარქიის საიტი დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.