ანთიმოზ გორგაძე
ანთიმოზ (ალეკო) მიხეილის ძე გორგაძე (დ. 2 ივლისი, 1924, ქუთაისი — გ. 21 იანვარი, 1970, თბილისი) — ქართველი მოქანდაკე, საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1962).
ბიოგრაფია
რედაქტირება1949 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი (პროფესორ იაკობ ნიკოლაძის კლასი), სწავლა განაგრძო ასპირანტურაში, შემდეგ წლების მანძილზე ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეს ემსახურებოდა. 1951 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში. სიცოცხლის ბოლო წლებში ა. გორგაძე წარმატებით იღწვოდა ლითონქანდაკების დარგში. მან მნიშვნელოვანი ნაწარმოებები შექმნა და ღირსეულად დაიმკვიდრა საპატიო ადგილი ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში. მოქანდაკემ დაგვიტოვა არაერთი საგულისხმო ნაწარმოები. მისი მთავარი ნამუშევრებია „მეშახტე ბოტკოველი“, „ჭაბუკის პორტრეტი“, „დეკაბრისტები“ და სხვა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- მასხარაშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 101.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 111, თბ., 1994