გონორეავენერიული დაავადება, რომელსაც იწვევს გონოკოკი. დაავადება გადაეცემა ძირითადად სქესობრივი გზით. დაავადების გადაცემის არასქესობრივი გზა საკმაოდ იშვიათად გვხვდება (ბავშვებში). დაავადების გამომწვევი ძირითადად აზიანებს შარდ-სასქესო სისტემის იმ ნაწილებს, რომლებიც ამოფენილია ერთშრიანი ეპითელიუმით: ურეთრის ლორწოვან გარსს, ბართოლინის ჯირკვლების გამომტან სადინრებს, საშვილოსნოს მილებს. ხშირად პროცესში ერთვება პარაურეთრული გზები, საკვერცხეების მფარავი ეპითელი, სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსი, მცირე მენჯის პერიტონეუმი[1].

გონოკოკური დაზიანება კანზე

სიმპტომები

რედაქტირება

მწვავე სტადიაში ავადმყოფები უჩივიან ტკივილს, ჩხვლეტისა და ჭრის შეგრძნებას შარდვის დროს; ქრონიკულ სტადიაში ჩივილები არ აღინიშნება. გინეკოლოგიური გამოკვლევით ვლინდება ურეთრის გარეთა ხვრელის გაწითლება და შეშუპება, ურეთრიდან ლორწოვან – ჩირქოვანი გამონადენი. ანთებით პროცესში ხშირად ერთვება პარაურეთრული გზები. ქრონიკული ურეთრიტის დროს აღინიშნება მხოლოდ ურეთრის კედლების გასქელება (საშოს წინა კედლიდან პალპაციის დროს)[2].

გონორეის დიაგნოსტირება ხდება ანამნეზის საფუძველზე: დაავადების გამოვლინება სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან მოკლე პერიოდში, შემთხვევითი სქესობრივი კავშირები. ქალებში, რომელთაც აღენიშნებათ პირველადი უნაყოფობა, გამოკვლევისას ვლინდება ურეთრიტი, ენდოცერვიციტი ორმხრივი სალპინგოოოფორიტი, პროქტიტი. ტარდება ბაქტერიოლოგიური და ბაქტერიოსკოპული დიაგნოსტიკა – ნაცხები და ნათესები ურეთრიდან, ცერვიკალური არხიდან, საშოდან (ანტიბიოტიკების მიღებამდე). ნაცხების ციტობაქტერიოლოგიური გამოკვლევისას განასხვავებენ შემდეგ სურათებს K1 – ნაცხში ლეიკოციტების დიდი რაოდენობაა, ფლორა არ არის, ვლინდება უჯრედშიგა და უჯრედგარედ გონოკოკი (გრამუარყოფითი); K2 – ნაცხში ლეიკოციტების დიდი რაოდენობაა, ფლორა არ არის, გონოკოკები არ ვლინდება (ნაცხი საჭვოა გონორეაზე); K3 – აღინიშნება ლეიკოციტების უმნიშვნელო რაოდენობა და მრავალფეროვანი მიკრობული ფლორა (ნაცხი დამახასიათებელი არ არის გონორეისათვის).

გონორეული პროქტიტი

რედაქტირება

გვხვდება საკმაოდ იშვიათად, კერძოდ, ინფიცირებული გამონადენის შეღწევისას სასქესო ორგანოებიდან. მწვავე სტადია ხასიათდება სწორ ნაწლავში წვის შეგრძნებითა და ტენეზმებით; ქრონიკულ სტადიაში ეს სიმპტომები გამოხატული არ არის. [3][4]

გონორეა მამაკაცებში

რედაქტირება

მისი გამომწვევია გონოკოკი; ხშირად მდებარეობს უჯრედის შიგნით (ლეიკოციტების პროტოპლაზმაში). სწრაფად იღუპება მჟავე გარემოში, გამოშრობისას, ანტისეპტიკების ზემოქმედებით. აზიანებს შარდსასქესო ირგანოების ცილინდრულ ეპითელსა და კონიუნქტივას, იშვიათად – ბრტყელ ეპითელს. მამაკაცების დასნებოვნება ხდება სქესობრივი გზით, ამასთან პირველად ზიანდება ურეთრა. გონოკოკები ვრცელდებიან შარდსასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსებით, აღწევენ სუბეპითელურ შემაერთებელ ქსოვილში, ლიმფურ ძარღვებში, ზოგჯერ სისხლმიმოქცევაში. გონოკოკების დაშლისას გამოთავისუფლდება ენდოტოქსინი, რომელიც იწვევს ზომიერ ზოგად მოვლენებსა და ორგანიზმის სენსიბილიზაციას. ქსოვილებში გონოკოკების გავრცელება იწვევს მათში ანთებით რეაქციას. გონორეის დროს თანდაყოლილი იმუნიტეტი არ არსებობს, შეძენილი არ ვითარდება, რის გამოც შესაძლებელია მრავალჯერადი რეინფიცირება. პროცესის ხანდაზმულობის მიხედვით გამოყოფენ ახალწარმოქმნილ (2 თვემდე) და ქრონიკულ (2 თვეზე მეტი ხნის) გონორეას. გამოვლინებების გამოხატულების მიხედვით გონორეა იყოფა მწვავე, ქვემწვავე და ტორპიდულ სახეებად. გონორეის მიმდინარეობის ვარიაბელობა დამოკიდებულია ორგანიზმის წინააღმდეგობასა და რეაქტიულობაზე, რომლებიც დაკავშირებულია ავადმყოფის ასაკსა და თანმხლები დაავადების არსებობაზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. (2017-11-27) General and Oral Pathology for the Dental Hygienist. Wolters Kluwer Health, გვ. 787. ISBN 978-1-4963-5453-2. 
  2. Newman, Lori; Rowley, Jane; Vander Hoorn, Stephen; Wijesooriya, Nalinka Saman; Unemo, Magnus; Low, Nicola; Stevens, Gretchen; Gottlieb, Sami; Kiarie, James; Temmerman, Marleen; Meng, Zhefeng (8 December 2015). „Global Estimates of the Prevalence and Incidence of Four Curable Sexually Transmitted Infections in 2012 Based on Systematic Review and Global Reporting“. PLOS ONE. 10 (12): e0143304. Bibcode:2015PLoSO..1043304N. doi:10.1371/journal.pone.0143304. PMC 4672879. PMID 26646541.
  3. Final Recommendation Statement: Chlamydia and Gonorrhea: Screening - US Preventive Services Task Force en. ციტირების თარიღი: 2017-12-07
  4. Gonococcal Infections - 2015 STD Treatment Guidelines en-us. ციტირების თარიღი: 2017-12-07