გონის მთავარანგელოზის ეკლესია
გონის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გონაში.
გონაში მდებარე მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს სერგი მაკალათია მოიხსენიებს, როგორც პატარა ეკლესიას, რომელაც ზედ დასცქერის კირტიშოს თოვლიანი მწვერვალი და დაბურულია ხატის ტყით. მთავარანგელოზის ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ჩრდილოეთის კედლის გარდა ფასადები გათლილი შირიმის კვადრებითაა მოპირკეთებული. ერთი, დაბალი კარი დატანებული აქვს სამხრეთის კედლის დასავლეთ მონაკვეთში. თითო სარკმელი აჭრილია აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში. სარკმლები შიდა მხარეს ფართოვდება. ფასადზე მათ ვიწრო ღიობს გარშემო შემოუყვება საპირე ქვებზე გამოკვეთილი თაღოვანი სამმაგი ლილვები.ინტერიერში კედლები დანაწევრებულია ორსაფეხურიანი პილასტრებით და კედლის თაღებით. ეკლესია გადახურულია ხის ნივნივებზე გამართული თუნუქის საბურავით. დარბაზი გადახურული ყოფილა ქვის კამარით, რომლისგანაც, კედლების ზედა ნაწილში შემორჩენილია შირიმის ქვაში გამოყვანილი, პილასტრების კაპიტელებზე დაყრდნობილი საბჯენი თაღების მცირე რკალისებრი მონაკვეთები. ინტერიერის აღმოსავლეთი კედელი სწორი ფორმისაა, თუმცა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაცული სააღრიცხვო დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამ ეკლესიას ადრე კონქით დასრულებული და ნახევრად მორკალული საკურთხეველი ჰქონია. ეკლესია მდებარეობს ზღვის დონიდან 1725 მეტრზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8512