გოითეფე — მრავალფენიანი ნამოსახლარი გორა რეზაიეს (ურმიის) ტბის დასავლეთ ნაპირზე, ქ. რეზაიეს მახლობლად.

გოითეფეს მრგვალი საცხოვრებლები

გორის ფართობია 540მ × 450მ . 1948 გათხარა ინგლისელმა არქეოლოგმა ტ. ბარტონ ბრაუნმა. გამოვლინდა სხვადასხვა პერიოდის 8 კულტურული ფენა. სავარაუდოა უფრო ადრეული ფენების არსებობაც. ქვედა ორი ფენა ენეოლითის ხანისაა. ქვევიდან მეორე (M) ფენაში აღმოჩნდა სწორკუთხა ნაგებობათა ნაშთები, ნამჯანარევი თიხისაგან ნაძერწი ანგობირებული და უმეტესად ყავისფრად მოხატული კერამიკა, ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურებისათვის დამახასიათებელი ქვის, ძვლის ნაწარმი და სპილენძის 3 ნივთი.

კავკასიისმცოდნეობისათვის ყველაზე საინტერესოა მომდევნო (K) ფენა, რომელშიც არის როგორც ოთხკუთხა, ისე მრგვალი ნაგებობები. ეს ფენა მთლიანად შეიცავს ამიერკავკასიის ადრინდელი ბრინჯაოს ანუ მტკვარ-არაქსის კულტურის მასალას. გოითეფე ერთ-ერთი პირველი ძეგლია, სადაც ეს კულტურული მასალა სტრატიგრაფიულ დაფენებაში აღმოჩნდა სხვა პერიოდის მასალასთან ერთად. ამ ფენის ზემოდან ბრინჯაოს ხანის რამდენიმე ფენაა. ზედა (A) ფენა გვიანდ. ბრინჯაოს — ადრინდ. რკინის ხანისაა (დაახლ. ძვ. წ. 1200).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Brown T. B., Excavations in Azerbaijan. 1948, L.,[1951].