გიორგწმინდის არქეოლოგიური ძეგლები

გიორგწმინდის არქეოლოგიური ძეგლები — სხვადასხვა დროის არქეოლოგიური ძეგლები აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიულ ხევსურეთში. მდებარეობს სოფ. გიორგწმინდის (დუშეთის მუნიციპალიტეტი) მიდამოებში.

გიორგწმინდის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდ. გიორგწმინდისწყლის (არღუნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე, ადგილ ნასისხლართან მდებარეობს ძვ. წ. III ათასწლეულის I ნახევრის ნამოსახლარი. გამოვლენილია 2 კულტურული ფენა. მოპოვებულია კერამიკული ნაწარმის ფრაგმენტები და ცხოველთა ძვლების ნაშთები.

სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდ. არღუნისა და გიორგწმინდისწყლის შესართავთან, ციხეთგორად წოდებულ ადგილზე, გამოვლენილია ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანის სამაროვანი. რამინ რამიშვილის ხელმძღვანელობით გათხრილია ორ- და სამიარუსიანი ქვის მშრალი წყობით ნაგები ინდივიდუალური და კოლექტიური სამარხები. აქ აღმოჩენილი მასალა (თიხის ჭურჭელი, ლითონის, ძვლის, სარდიონისა და მინისებური პასტის ნაკეთობანი) ახლოს დგას საქართველოს ტერიტორიაზე გათხრილ მტკვარ-არაქსის კულტურის ძეგლებთან (სამშვილდე, ამირანის გორა), აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიაში მოპოვებულ მასალასთან.

სოფ. გიორგწმინდის მოპირდაპირე ქედზე მდებარეობს გვიანდელი შუა საუკუნეების, ფიქლის მშრალი წყობით ნაგები 2 მიწისზედა აკლდამა და 1 აკლდამის ნაშთი. სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდ. არღუნისა და გიორგწმინდისწყლის შესართავთან ე. წ. „ქავის გორაზე“ მდებარეობს განვითარებული შუა საუკუნეების საგინას ციხე: ოთხკუთხა კოშკის ნაშთი და მის გარშემო მდებარე ნასახლარი. სოფლის ახლოს, ციხეთგორის ქედზე, არის გვიანდელი შუა საუკუნეების სალოცავი („ხატი“), ე. წ. „შარის ყარაული“. იგი საფეხურებიანი გადახურვის მქონე, ქვის მშრალი წყობით ნაგები საზარე კოშკია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოგოჭური, გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 35.
  • ბარდაველიძე ვ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, ტ. 2, თბ., 1982.
  • Рамишвили Р.М., Джорбенадзе В.А., Маргвелашвили М.Г., Работы Жинвальской комплексной экспедиции, წგ.: Археологические открытия 1985 года, М., 1987.