გიორგი ძუგაევი
გიორგი ძუგაევი (ოს. Геуӕрги Дзугаты; დ. 15 (28) მარტი 1911, ძუგათიყაუ — გ. 10 აპრილი, 1986) — ოსი პოეტი და მწერალი, საზოგადო მოღვაწე.
გიორგი ძუგაევი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 28 მარტი, 1911 |
დაბადების ადგილი | რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 1986 |
საქმიანობა | პოეტი |
ენა | ოსური ენა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
ჯილდოები | საპატიო ნიშნის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგიორგი ძუგაევი დაიბადა 1911 წლის 15 (28) მარტს ძომაღის ხეობაში, სოფელ ძუგათიყაუში. მამა — ხასაყო ძუგაევი, დედა — ასინეთ ფლიევი. მათ ჰყავდათ შვიდი შვილი — ოთხი ვაჟი და სამი ქალიშვილი.
1923 წელს სოფელ ძომაღში გაუხსნიათ დაწყებითი სკოლა, სადაც გიორგიმ, უკვე საკმაოდ მოზრდილმა (12 წლისამ), სწავლა დაიწყო. სოფლის სკოლის დამთავრების შემდეგ ის სწავლას აგრძელებს სტალინირის (ახლანდელი ცხინვალის) პედტექნიკუმში, რომელიც 1935 წელს დაუმთავრებია. შემდეგ კი მუშაობას იწყებს გაზეთ „კომუნისტის“ (შემდეგ „სოვეტონ ირისთონის“) რედაქციაში. მუშაობის პარალელურად მან სწავლა გააგრძელა სტალინირის პედინსტიტუტში ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი ისევ გაზეთის რედაქციაში წერილების განყოფილების გამგედ, მოგვიანებით — პასუხისმგებელ მდივნად მუშაობს.
1939 წელს გიორგი ძუგაევი საბჭოთა არმიის რიგებშია, საიდანაც 1941 წელს მეორე მსოფლიო ომში გაგზავნეს. მძიმედ დაჭრილი პოეტი ტყვედ ჩავარდა. ტყვეობას გაქცევით უშველა თავს და დაუბრუნდა თავის სამხედრო ნაწილს. 1945 წლის ნოემბერში კი გიორგი ძუგაევი დემობილიზებული იყო. 1946 წლიდან იგი მუშაობს ჟურნალ „ფიდუაგის“ რედაქციაში, ლიტერატურული რედაქციის ხელმძღვანელად. შემდეგ კი იგი წლების განმავლობაში იყო ამ ჟურნალის რედაქტორი.
გიორგი ძუგათი გარდაიცვალა 1986 წელს.
შემოქმედება
რედაქტირებალექსების წერა გიორგის ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს დაუწყია. მას გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების მრავალი კრებული. 1938 წელს (ლათინური ანბანის გამოყენებით) გამოიცა მისი ნაწარმოებების პირველი კრებული „მზის სხივები“. 1954 წელს კი — მისი ლექსებისა და პოემების კრებული. 1956 წელს გამოდის პოეტის საბავშვო ზღაპრები და მოთხრობები. ამავე წელს გამოდის პოეტური კრებული „მეგობრები.“ 1957 წელს გიორგი ძუგაევმა გამოსცა ოსური თქმულებების კრებული, რასაც მოჰყვა კრებულები: „გულის გასაღები,“ (1959 წ.); პოემები, მოთხრობები, რომანი „დანის პირზე,“ (1964 წ.); „ოქროს წყარო,“ 1961 წელს გამოიცა მისი რჩეული ნაწარმოებები. 1970 წელს — კრებული „მთვარიანი ღამეები.“ 1979 წელს გამოიცა პოემა „არწივის სანავარდო“. ამავე წელს — პოეტური კრებულები და მრავალი სხვა.
გიორგი ძუგაევის კალამს ეკუთვნის ბევრი საბავშვო ლექსი თუ მოთხრობა, რომლებიც ცალკე წიგნებადაა გამოცემული. მისი თხზულებების სამტომეული გამოიცა 1971 წელს. ამ სამტომეულში თავმოყრილია მისი საუკეთესო ნაწარმოებები.
გიორგი ძუგაევის მრავალი ნაწარმოები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც — რომანი „ოქროს წყარო“, პოემა „არწივის სანავარდო,“ ლირიკული ლექსები და საბავშვო მოთხრობები. გიორგი ძუგაევის ლექსები ქართულ ენაზე თარგმნილია და დაბეჭდილია სხვადასხვა კრებულში. 2013 წელს თბილისში გამოიცა გიორგი ძუგაევის ორენოვანი, ოსურ-ქართული კრებული, „სიყვარულის რომანსი“. წიგნი შეადგინა, წინასიტყვაობა, ბიოგრაფიული ნარკვევი დაურთო და გამოსაცემად მოამზადა ნაირა ბეპიევმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Дзугаев Георгий Хасакоевич// Бибоева И. Г., Казиты М. Р., Писатели Осетии, библиографический справочник, Владикавказ, Ир, 2015, стр. 204—207, ISBN 978-5-7534-1499-01
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Дзугаев, Георгий Хасакоевич // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — М. : Советская энциклопедия, 1969—1978.
- Дзугаев Георгий
- Некролог в Литературной газете