გიორგი გველესიანი (გეოგრაფი)
გიორგი გრიგოლის ძე გველესიანი (დ. 27 ივნისი, 1903 — გ. 28 მარტი, 1980) — ქართველი ეკონომ-გეოგრაფი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1967), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1969).
გიორგი გველესიანი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1903[1] ან 27 ივნისი, 1903 |
დაბ. ადგილი | ქუთაისი |
გარდ. თარიღი | 28 მარტი, 1980 |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | ეკონომისტი[1] და economic geographer |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. მუშაობდა უმაღლეს საგეგმო ორგანოებსა და საქართველოს მინისტრთა საბჭოში. 1931 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის სახალხო მეურნეობის საბჭოში, ხოლო 1935–48 წლებში საქართველოს მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო საგეგმო კომისიაში განყოფილების გამგედ. იგი უშუალოდ მონაწილეობდა რესპუბლიკის მსხვილი ქალაქების განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაში. 1947 წელს დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწედ. სახელმწიფო ორგანოებში მოღვაწეობას იგი უთავსებდა ნაყოფიერ მეცნიერულ მუშაობას. 1953 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის ეკონომიკური გეოგრაფიის განყოფილებას. მისი ძირითადი შრომები ეხება საქართველოს საწარმოო ძალთა განვითარება-განლაგებას, ეკონომიკურ დარაიონებას (შეადგინა საქართველოს ეკონომიკურ-გეოგრაფიული დარაიონების ახალი ბადე), მთიანი რაიონების განვითარებას, რეგიონული განვითარების პრობლემებს და სხვა. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით შქმნილი და გამოცემულია მრავალი შრომა, მიძღვნილი რესპუბლიკის საწარმოო ძალთა განვითარება-განლაგების პრობლემისადმი, მოსახლეობისა და ქალაქების გეოგრაფიის, სამრეწველო კვანძების ფორმირების, ეკონომიკური გეოგრაფიის ზოგადი თეორიის, ეკონომიკური დარაიონებისა და სხვა საკითხებისადმი. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულ და მასობრივი ტირაჟით გამოქვეყნებულ შრომებში მოცემულია საქართველოსა და მისი ცალკეული რაიონების ბუნების, მოსახლეობისა და მეურნეობის კომპლექსური დახასიათება. საკანდიდატო დისერტაციის თემა დაიცვა თემაზე: „საქართველოს სსრ სამრეწველო წარმოების სპეციალიზაციის საკითხებისათვის“ 1952 წელს, ხოლო სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „საქართველოს სსრ-ში სოციალისტური წარმოების განვითარებისა და განლაგების საკითხები“ 1965 წელს. იგი 100-ზე მეტი გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორია. მან ერთ-ერთმა პირველმა განიხილა 1960-იან წლებში საქართველოს მთიანი რეგიონების პროგრამა, გააშუქა მათი საწარმოო ძალების განვითარების საკითხები და დასახა კონკრეტული რეკომენდაციები. „საქართველოს სსრ ატლასის“ (1964) შედგენაში მონაწილეობისათვის მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1971). საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის პრემია (1978).[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 607.