გიორგი ალექსი-მესხიშვილი (ოფიცერი)
გიორგი (გოგი) სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი (დ. 1896, ქ. ალექსანდროპოლი, ახლანდ. გიუმრი, სომხეთი, — გ. 13 აგვისტო, 1937) — ქართველი სამხედრო პირი.
დაიბადა სამხედრო ექიმის — სარდიონ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილის (1863—1940) და ალექსანდრა ჭავჭავაძის (1864—1940) ოჯახში. დაამთავრა ტფილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია, შემდეგ — პეტერბურგის საარტილერიო სასწავლებელი. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში კავკასიის 1-ლი მსროლელი საარტილერიო დივიზიონის შემადგენლობაში. 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის არმიაში, ჰქონდა ლეიტენანტის წოდება.
1921 წლის თებერვალში ლეიტენანტი ალექსი-მესხიშვილი მეთაურობდა მაიორ ილია მახარაძის ბატარეის ერთ ნაწილს ტაბახმელას ფრონტზე. 24 თებერვალს საბჭოთა რუსეთის ჯარებმა ტაბახმელასთან გაარღვიეს საქართველოს არმიის თავდაცვის ხაზი და შეიჭრნენ მესხიშვილის საარტილერიო ბატარეის პოზიციებზე. გოგი ალექსი-მესხიშვილმა შემოიკრიბა არტილერისტები და ხელჩართულ ბრძოლაში დაიცვა ბატარეა დამხმარე ძალის მოსვლამდე. გასაბჭოების შემდეგ მსახურობდა წითელ არმიაში. მონაწილეობდა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში. ორჯერ იყო დაპატიმრებული — 1921 წელს საბოტაჟის ბრალდებით და 1923 წელს „სამხედრო ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებით. მომდევნო წლებში იყო საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამხედრო საქმის პედაგოგი. 1937 წლის რეპრესიების დროს კვლავ დააპტიმრეს, გორში საველე მეცადინეობისას (9 ივნისი). 11 აგვისტოს საქართველოს სსრ შინსახკომის განსაკუთრებულმა სამეულმა „მენშევიკური და ტროცკისტული-მემარჯვენე ცენტრების სამხედრო ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 13 აგვისტოს ღამით დახვრიტეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ალექსი-მესხიშვილი გიორგი სარდიონის ძე. „საზოგადოებრივი არქივი“.
- ალექსი-მესხიშვილი გიორგი სარდიონის ძე. სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა]. — 2013.