გივი თურმანაული
გიორგი (გივი) სიმონის ძე თურმანაული (დ. 10 მარტი, 1935 - 2014) — ქართველი ფარმაკოლოგი, სრული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის და ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ევროპის „კლინიკური ფარმაკოლოგიისა და თერაპიის“ საზოგადოების წევრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფარმაკოლოგიის(დეპარტამენტის) გამგე 1982-2002 წლებში.
გივი თურმანაული | |
---|---|
დაბ. თარიღი | 10 აპრილი, 1935 |
დაბ. ადგილი | დუშეთი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 2014 |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ფარმაკოლოგი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი |
ბიოგრაფია და პროფესიული საქმიანობა
რედაქტირებაგიორგი თურმანაული დაიბადა 1935 წლის 10 მარტს, ქალაქ დუშეთში, მოსამსახურის ოჯახში. საშუალო განათლების მიღების შემდეგ მსახურობდა ნამდვილ სამხედრო სამსახურში. დემობილიზაციის შემდეგ ჩაირიცხა და 1964 წელს, ექიმის კვალიფიკაციით, წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (ამჟამად უნივერსიტეტი), განაწილებით მუშაობდა ახმეტის რაიონში ექიმის თანამდებობაზე, შემდეგ კონკურსით ჩაირიცხა და სწავლობდა სამედიცინო ფარმაკოლოგიის კათედრაზე დასწრებულ ასპირანტურაში. მისი დამთავრებისთანავე, 1968 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ახალი ჰიპოტენზიური საშუალებების გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე“, რის საფუძველზეც სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ და უმაღლესმა საატესტატო კომისიამ მიანიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი და აირჩია ჯერ ასისტენტად (1968 წელს), ხოლო შემდეგ (1973 წელს) კათედრის დოცენტად.
1970-1980 წლებში გივი თურმანაული იყო სამედიცინო ფარმაკოლოგიის კათედრის დოქტორანტი, რომლის დამთავრების შემდეგ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია („კარდიოტონული საშუალებების მოქმედების მექანიზმები, მიოკარდის ინფარქტი და გულის უკმარისობის ადრეულ სტადიაზე, გერიატრიულ ასპექტში“), რომლის საფუძველზე მოსკოვის უმაღლესმა საატესტატო კომისიამ მიანიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი (№ 00754) და პროფესორის წოდება „სამედიცინო ფარმაკოლოგიაში“ (ატესტატი № 011803). სწავლულ ექსპერტთა გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სრული პროფესორის წოდება (დიპლომი №0016). აკადემიკოსი გიორგი თურმანაული 1982 წლიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ აირჩია სამედიცინო ფარმაკოლოგიის კათედრის გამგის თანამდებობაზე.[1] მისი ხელმძღვანელობით 1983 წლიდან სამედიცინო ფარმაკოლოგიის კათედრა გადავიდა ახალ აშენებულ №1 სასწავლო კორპუსში. ამჟამად აღნიშნულ ბაზაზე აკადემიკოს გივი თურმანაულის მიერ შექმნილია თანამედროვე სასწავლო და სამეცნიერო კვლევითი მუშაობის სრულყოფილი ბაზა, სწავლების ოპტიმიზაციისთვის საჭირო აუდიო-ვიზუალური მოწყობილობით, ყველა ფაკულტეტის სტუდენტთა პროფილირებული საკრედიტო სწავლებისთვის. სამედიცინო ფარმაკოლოგიის კათედრაზე გიორგი თურმანაულის ორგანიზაციული ხელმძღვანელობით 1988 წლიდან დაარსებულია „ქრონოფარმაკოლოგიის ლაბორატორია“, რომელიც აღჭურვილია სამეცნიერო-კვლევითი აპარატურით. ამ მიმართულებით პროფესორ ნიკო გონგაძის მიერ 1998 წელს უკვე დაცულია პირველი სადოქტორო დისერტაცია ქრონოფარმაკოლოგიაში.
აკადემიკოსი გიორგი თურმანაული არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი დიდი პირადი წვლილისთვის და ნაყოფიერი 45 წლიანი მოღვაწეობისთვის, 2000 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.[2] მისი ბიოგრაფია შეტანილია თანამედროვე სამედიცინო მეცნიერების ბიბლიოგრაფიულ ენციკლოპედიაში, არის რესპუბლიკის მთავარი ფარმაკოლოგი, საქართველოს ფარმაკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქართული სამედიცინო ენციკლოპედიის „სამედიცინო ფარმაკოლოგიის“ განყოფილების თანარედაქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სამეცნიერო-პედაგოგიური საბჭოს, საპრობლემო კომისიის, პროფესორთა საბჭოების წევრი, სამეცნიერო ხარისხების (საკანდიდატო, სადოქტორო) მომნიჭებელი სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სამედიცინო ფარმაკოლოგიაში. არის „ვაჟა-ფშაველას საზოგადოების“ წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელი.[2]
გარდაიცვალა 2014 წელს, თბილისში.
ნაშრომები და სახელმღვანელოები
რედაქტირებაახალი სასწავლო სახელმძღვანელოების შექმნის მიმართულებით, სამედიცინო ფარმაკოლოგიაში, აკადემიკოს გიორგი თურმანაულის მიერ შესრულებული და (მისი ავტორობით) გამოქვენებულია 250-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი (სტატიები, მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, მეთოდური სახელმძღვანელოები). მათ შორის გამოქვეყნებულია 30 ფუნდამენტური სახელმძღვანელო და სასწავლო მონოგრაფია სტუდენტების და პრაქტიკოსი ექიმებისთვის, მაგ.:
- „სამედიცინო ფარმაკოლოგია“ სამ-ტომეული, (1991, 1996, 2002, 2006).
- „სამედიცინო ბაზისური ფარმაკოლოგია“ მე-9 გამოცემა, 2010 წელი, შედგენილი სილაბუსითა და საგნის სტანდარტით), რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებისთვის.
- „ფიტო-ფარმაკოთერაპიული საშუალებები“ (1997).
- „სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საფუძვლები“ (1999, 2006)
- „მეთოდური სახელმძღვანელოები“ (2002, 2005)
- „არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატები“ (2005)
- „კლინიკური ფარმაკოლოგია“ (2010)
- „სამედიცინო ბაზისური ფარმაკოლოგია, კლინიკური გამოყენებით“ (მე-10 გამოცემა, 2013)
აკადემიკოს გიორგი თურმანაულის ნაშრომები გამოქვეყნებულია 4 უპირატესი მიმართულებით კარდიოფარმაკოლოგიის, გერიატრიული ფარმაკოლოგიის, ქრონოფარმაკოლოგიისა და სამედიცინო ფარმაკოლოგიაში ახალი სასწავლო სახელმძღვანელოების და ფარმაკოთერაპიული მონოგრაფიების შექმნის მიმართულებით. მას დანერგილი აქვს 15 პრაქტიკული რეკომენდაცია, გამოგონება და სხვა.
გიორგი თურმანაულის ხელმძღვანელობით და მეცნიერული კონსულტაციით შესრულებულია ოთხი, ხოლო სიცოცხლის ბოლო წლებში ახალი მეცნიერული მიმართულებით მუშავდებოდა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-12-18.
- ↑ 2.0 2.1 ტრადიციებით მომავლისკენ,თსსუ საიუბილეო მასალების კრებული,თბილისი, 2010 წ.