გივი დგებუაძე
გივი ანდროს ძე დგებუაძე (დ. 21 სექტემბერი, 1929, თერჯოლა, — გ. 15 სექტემბერი, 2011, თბილისი) — ქართველი მეტალურგი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1968).
1954 წელს დაამთავრა მოსკოვის ფოლადის ინსტიტუტი. 1954–1957 წლებში მუშაობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სხვადასხვა თანამდებობაზე, 1957 წლიდან — ფ. თავაძის სახელობის მეტალურგიის ინსტიტუტში (1973 წლიდან იყო ელექტროთერმიის ლაბორატორიის გამგე). მისი ძირითადი სამეცნ. ნაშრომები ეხება დახურული ელექტრული მადანაღმდგენი ღუმლების კონსტრუქციებს. 1980–1984 წლებში მისი ხელმძღვანელობით შემუშავებული დახურული ღუმლის ახალი გეომეტრიული პარამეტრები დაინერგა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ყველა მძლავრ ელექტროღუმელში, აგრეთვე შეტანილ იქნა ინდოეთის ერთ-ერთი მეტალალურგიული საწარმოს ორი ღუმლის პროექტში. დგებუაძის ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით დამუშავდა და წარმოებაში დაინერგა საწარმოო ნარჩენებისაგან ფოლადის ეფექტური განმჟანგველის (ფეროსილიკოალუმინი) მიღების ტექნოლოგია ალუმინ-თერმული პროცესით. 1994 ამ სამუშაოს შესრულებისათვის დგებუაძეს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 343.