გვიმი
გვიმი — ჭის თავზე დადგმული ზღუდე ან „ჯურღმულის თორნე წყალთათჳს“ (საბა). ფართოდ არის გავრცელებული დასავლეთი საქართველოს დაბლობ ადგილებში. ჭის გვიმი სხვადასხვა მასალისაგან მზადდება. თიხის გვიმი ცილინდრული ფორმისაა, ოდნავ ძირგაგანიერებული და გეომეტრიული ორნამენტით ან ანთროპომორფული სახეებით შემკული; ქვის გვიმს ან მთლიანი ქვიდან თლიან (იგი ცილინდრული მოყვანილობისაა) ან რიყის ქვით აშენებენ (მომრგვალო ანდა ოთხკუთხედი); ხის გვიმი ფორმით ოთხკუთხაა. გვხვდება ცემენტის გვიმებიც. ჭაში ჩადგმული გვიმი ცილინდრულია, მომეტებულად თიხისაა, იშვიათად თლილი ქვისა. იყენებენ ნესტიან ადგილებში. მისი მთავარი დანიშნულებაა ჭის კედლების გამაგრება (ჰიდროიზოლაცია). არსებობს წყაროს გვიმიც (უმთავრესად სამეგრელოშია გავრცელებული). იგი მცირე ზომისაა, ცილინდრული, როგორც წესი, თიხისა; წყაროს თვალში სანახევროროდაა ჩამჯდარი და წყლის გამოსასვლელად მილი ან ნახვრეტები აქვს გაკეთებული.
- გვიმი ასევე ეწოდება საკვამლე მილის იმ ნაწილს, რომელიც სახურავის ზევითაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- თოდუა რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 143.