რაჟდენ გვეტაძე
რაჟდენ მათეს ძე გვეტაძე (დ. 29 ივლისი, 1897, ციხია, ახლანდელი ტყიბულის მუნიციპალიტეტი — გ. 1 დეკემბერი, 1952, თბილისი) — ქართველი მწერალი, მთარგმნელი.
რაჟდენ გვეტაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 29 ივლისი, 1897 |
დაბადების ადგილი | ციხია, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 1 დეკემბერი, 1952 (55 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | მწერალი და მთარგმნელი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა სამკლასიანი სასწავლებელი და უსახსრობის გამო დაიწყო მუშაობა შეგირდად. პარალელურად სწავლობდა საღამოს სკოლაში. ბეჯითი ახალგაზრდა დაეწაფა წიგნებს და ამავე პერიოდში გადადგა პირველი მორიდებული ნაბიჯები ლიტერატურაში. 1913 წელს გამოქვეყნდა მისი ლექსები, ხოლო 1915 წელს პირველი წიგნი „მთვარის ზღაპარი“. ამ პერიოდში იგი უახლოვდება „ცისფერ ყანწელებს“, რაც აისახა კიდეც მის იმდროინდელ კრებულებში.
რ. გვეტაძემ პროზაში შედარებით გვიან დაიწყო მუშაობა. 1929 წელს გამოვიდა მისი პირველი დიდი რომანი „თეო“. ამას მოჰყვა „ჭიაკოკონა“, ხოლო 1935 წელს ერთ სიუჟეტურ ქარგაზე აგებული ნოველების კრებული „ლაშაური საღამოები“, რომელიც ახალი ეტაპია მის შემოქმედებაში.
რ. გვეტაძემ მრავალი პროზაული და პოეტური ნაწარმოები უძღვნა სამამულო ომს. მათ შორის კრებულები „მართალი ნოველები“, „ცხოვრება იწყება თავიდან“, ლექსები „შვილის წერილი“ და მრავალი სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია პოპულარული ლექსი „სიმღერა შალამბერიძეზე“, რომელიც ხალხმა სიმღერად აქცია. მწერლის პროზაული ნაწარმოებები გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმითა და ღრმა ემოციურობით, ხოლო მისი ლექსები მუსიკალურობითა და სიმარტივემდე სისრულით.
რ. გვეტაძე ნაყოფიერ მთარგმნელობით მოღვაწეობას ეწეოდა. მან გაამდიდრა ქართული მწერლობა მსოფლიო მნიშვნელობის ისეთი ძეგლებით, როგორიცაა ძველინდური ეპოსი „რამაიანა“, ფრანგული ეპოსი „სიმღერა როლანდზე“. მანვე თარგმნა აგრეთვე ნეკრასოვის, ფრანკოს, და სხვა რუსი, უკრაინელი, სომეხი, ბელორუსი მწერლების ნაწარმოებები.
1935-1950 წლებში სათავეში ედგა გამომცემლობა „ფედერაციას“ (შემდგომში „საბჭოთა მწერალი“).
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 104, თბ., 1994