რუსუდან გვერდწითელი

(გადამისამართდა გვერდიდან გვერდწითელი, რუსუდან)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გვერდწითელი.

რუსუდან გრიგოლის ასული გვერდწითელი–ლორთქიფანიძე (დ. 15 ივნისი, 1909, თბილისი — გ. 27 იანვარი, 1994, იქვე) — ქართველი არქიტექტორ-რესტავრატორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967). ბეჟან ლორთქიფანიძის მეუღლე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ცნობილი ქართველი ინჟინრის გრიგოლ გვერდწითელის ოჯახში. 1936 წელს ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ თითქმის მთელი ექვსი ათეული წელი უანგაროდ ემსახურა ქართული კულტურის ისტორიული ძეგლების შესწავლისა და რესტავრაციის საქმეს. 1937-1940 წლებში მუზეუმ „მეტეხის“ ასპირანტია ხელოვნების ისტორიის სპეციალობით, 1941-1949 წლებში მოღვაწეობს ნაკრძალ „ვარძიაში“ მეცნიერ თანამშრომლად. 1949 წელს როცა ქართველი ინტელიგენციის თაოსნობით საქართველოს კულტურის სამინისტროსთან პირველად საბჭოთა კავშირში შეიქმნა სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმო სახელოსნო, 1950 წლის ივნისში რუსუდან გვერდწითელი მიიწვიეს ამ სახელოსნოში სამუშაოდ. იგი ჯერ არქიტექტორ-რესტავრატორი იყო, შემდეგ საპროექტო ბიუროს მთავარი სპეციალისტი და განყოფილების გამგე. მისი მონაწილეობით და ხელმძღვანელობით შესრულებული პროექტების საფუძველზე, აღდგენილ იქნა ვარძიის სამრეკლოს, ანანურის ციხის, გორის ციხის, გერგეტის სამების, ბზიფის ციხისა და ეკლესიის, ანჩისხატის ბაზილიკის, როსტომ მეფის სასახლის აბანოს, ბოლნისის სიონის და მრავალი სხვა საეკლესიო არქიტექტურული ძეგლები, სასახლეები და ციხესიმაგრეები.

რუსუდან გვერდწითელი არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და ნარკვევის ავტორია. მეტად საგულისხმოა მეთოდური ხასიათის წერილები ძეგლთა რესტავრაციის თაობაზე. გამოქვეყნებული აქვს წიგნები მცხეთის, ვარძიის და სხვათა შესახებ. იგი სამართლიანადაა მიჩნეული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების რესტავრაციის ერთ-ერთ ფუძემდებლად.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 103, თბ., 1994