გერჰარდ ლამპრეხტი

გერჰარდ ლამპრეხტი (გერმ. Gerhard Lamprecht; დ. 6 ოქტომბერი, 1897, ბერლინი — გ. 4 მაისი, 1974, ბერლინი) — გერმანელი კინორეჟისორი, სცენარისტი, დრამატურგი და კინოს ისტორიკოსი. გადაღებული აქვს 64 ფილმი და, ასევე, ეკუთვნის 29 ფილმის სცენარი.

გერჰარდი კინემატოგრაფით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული. უკვე 12 წლის ასაკში მუშაობდა კინომექანიკოსად, 1914 წელს კი მისი პირველი სცენარით ბერლინური კინოკომპანია „Eiko-Film GmbH“ დაინტერესდა. 1916 წლიდან გერჰარდ ლამპრეხტი სამსახიობო ხელოვნებას ეუფლებოდა პაულ ბილდტთან, გერმანული კინემატოგრაფის პიონერთან, და თავის შესაძლებლობებს სცენაზე ცდიდა. ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში სწავლობდა თეატრისა და ხელოვნების ისტორიას. 1917 წელს შესთავაზეს ავტორისა და დრამატურგის პოზიცია კომპანიაში „Oskar-Messler-Filmgesellschaft“, თუმცა გერჰარდი არმიაში გაიწვიეს. 1918 წელს, როდესაც ბრძოლაში მიღებულ ჭრილობებს ჰოსპიტალში იშუშებდა, უკვე წერდა სცენარებს. ლულუ პიკმა, რომელთანაც გერჰარდი ომამდეც მუშაობდა, 1919 წელს მას დრამატურგის პოზიცია შესთავაზა თავის კომპანიაში „Rex-Film“.

1920 წელს გერჰარდ ლამპრეხტმა გადაიღო სადებიუტო ფილმი „Es bleibt in der Familie“. მუნჯი კინოს ეპოქაში სწავლობდა მონტაჟის ტექნიკას საბჭოთა რეჟისორთან სერგეი ეიზენშტეინთან. 1920-იანი წლების შუაგულში შექმა სოციალური მამართულების კინოტრილოგია (Die Verrufenen, 1925; Die Unehelichen, 1926; Menschen untereinander, 1926.).

გერჰარდ ლამპრეხტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია 1937 წელს გადაღებული „მადამ ბოვარი“, რომელშიც მსახიობები პოლა ნეგრი და ფერდინანდ მარიანი თამაშობენ. ომის შემდგომ პერიოდში გადაიღო ფილმი „სადღაც ბერლინში“ (1946) და სხვა.

გერჰარდ ლამპრეხტი დიდ ინტერესს იჩენდა კინოს ისტორიისადმი. კინო არქივების თავის მიერ შედგენილი დიდი კოლექცია 1962 წელს ბერლინის სენატს გადასცა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება