გერმანული კავკასიური ექსპედიცია
გერმანული კავკასიური ექსპედიცია — 1918 წელს, მსოფლიო ომის მიმდინარეობის ბოლო წელს კავკასიაში მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლებოდა. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ კავკასია, ფაქტობრივად, გამოეყო რუსეთს, ამასთანავე, კავკასიის ფრონტი დატოვა რუსულმა არმიამ, რომლის ჩანაცვლება მცირერიცხოვანმა კავკასიურმა ეროვნულმა შენაერთებმა დაიწყეს.
1918 წლის მარტში ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით ზურგგამაგრებულმა ოსმალებმა კავკასიის ფრონტზე წარმატებული შეტევა დაიწყეს. ამავე პერიოდში კავკასიური პოლიტიკა გაააქტიურეს გერმანელებმაც, მათი დაინტერესება კავკასიით განპირობებული იყო ომისთვის საჭირო ნედლეულის მიღებით; გეოგრაფიული პლაცდარმის შექმნით მომავალში თურქესტანსა და ინდოეთში ინგლისის წინააღმდეგ საბრძოლველად; ქართული სამოკავშირეო არმიის ჩამოყალიბებით. გერმანია გამოვიდა შუამავლად საქართველოსა და ოსმალეთს შორის და გერმანიის პროტექტორატით საქართველომ 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. გერმანიის კავკასიური ექსპედიცია 1918 წლის ივნისიდან დაიწყო, ქვეყანაში შემოვიდა რამდენიმე ათასი გერმანელი ჯარისკაცი, მისიას ხელმძღვანელობდა გერმანელი გენერალ-მაიორი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი. მისიის შტაბი თბილისში იყო განთავსებული, მისიის ლეგაციის მდივანი იყო ფრიდრიხ შულენბურგი. გერმანული სამხედრო მისია არ ერეოდა საქართველოს შიდა საქმეებში, პირიქით, გერმანელი სამხედრო მრჩევლები ხელს უწყობდნენ ქართველებს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების საქმეში, ასევე, ზოგიერთ სამხედრო ოპერაციაში ქართული ჯარის გვერდით გერმანელი ჯარისკაცებიც იბრძოდნენ. გერმანული სამხედრო მისია კავკასიიდან გერმანელთა მიერ მსოფლიო ომის წაგების შემდეგ გავიდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- სილაქაძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 90-91.
- ასტამაძე გ., ქართულ-გერმანული ურთიერთობები 1918-1921 წლებში. დაარქივებული 2019-04-03 საიტზე Wayback Machine.