ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი

ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი (დ. 20 ნოემბერი, 1875, კემბერგი – გ. 10 ნოემბერი, 1944, ბერლინი) — გერმანელი დიპლომატი და საჯარო მოხელე. გერმანიის იმპერიის ვიცე-კონსული რუსეთის იმპერიის კავკასიის გუბერნიის დედაქალაქ თბილისში, მოგვიანებით კი - გერმანიის კავკასიური ექსპედიციის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი
დაბადების თარიღი 20 ნოემბერი, 1875
კემბერგი გერმანიის დროშა გერმანია
გარდაცვალების თარიღი 10 ნოემბერი, 1944 (68 წლის)
ბერლინი გერმანიის დროშა გერმანია
გარდაცვალების მიზეზი დახვრეტა
სხვა სახელები ვერნერი
ეროვნება გერმანელი
მოქალაქეობა გერმანიის დროშა გერმანია
საქმიანობა დიპლომატი

დაიბადა საშუალო შეძლების არისტოკრატიულ ოჯახში, საქსონიაში. შულენბურგის საგვარეულოს წარმომადგენლები ისტორიულად სამხედრო და საჯარო მოხელეები იყვნენ. დაწყებითი განათლება მიიღო ბრაუნშვაიგში, სადაც მისი ოჯახი საქსონიიდან საცხოვრებლად გადავიდა. 1894-1900 წლებში განათლება ლოზანაში, ბერლინსა და მიუნხენში, იურისპუდენციის განხრით მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ არჩევანი სამხედრო და დიპლომატიურ სამსახურებს შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა.

1901 წლიდან იწყებს სამსახურს გერმანიის საგარეო განყოფილების (ანუ საგარეო საქმეთა სამინისტროს) საკონსულო სამსახურში. 1903-1906 წლებში იყო გერმანიის საკონსულო სამსახურში ბარსელონაში, ლვოვსა და ნეაპოლში, 1907 წელს კი განაწესეს გერმანიის ვარშავის საკონსულოში, რომელიც მაშინ რუსეთის იმპერიაში შედიოდა და ამის შემდეგ თავისი კარიერით მთლიანად დაუკავშირდა აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს.

1911 წელს ვარშავიდან თბილისში გერმანიის ვიცე-კონსულის თანამდებობაზე გადაიყვანეს. თბილისში სამწლიანი მუშაობისას მან დაამყარა ახლო კავშირი ნაციონალისტურად განწყობილ ქართულ ელიტასთან, ასევე შექმნა ჯაშუშური ქსელი კავკასიის მასშტაბით. კარგად იცნობდა არარუსი ერების, განსაკუთრებით ქართველებისა და პოლონელების ნაციონალიზმს და მათი მისწრაფებების გერმანულ ინტერესებთან შეთანხმებას ცდილობდა. მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ სამხედრო სამსახურში წავიდა საფრანგეთში, 1915 წლის აგვისტოდან გადაიყვანეს თურქეთის კავკასიის ფრონტზე, ერზრუმში კონსულად, მაგრამ ამ პერიოდში მისი საქმიანობის არეალი ახლო აღმოსავლეთსაც მოიცავდა.

შულენბურგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედ „ქართული ლეგიონს“, რომელიც გერმანელებმა ჩამოაყალიბეს ქრისტიანი და მუსლიმი ქართველებისგან რუსეთის წინააღმდეგ საომრად. კარგად იცნობდა გერმანიაში მოღვაწე ქართული კომიტეტის ხელმძღვანელებს და იყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ერთ-ერთი შემოქმედი 1918 წლის მაისში. უშუალოდ მონაწილეობდა ქართველების, გერმანელებისა და თურქების მოლაპარაკებებში და დარჩა თბილისში გერმანიის წარმომადგენლად მას შემდეგ, რაც ბერლინმა კავკასიაში გერმანული სამხედრო მისიის გამოგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

როდესაც ამ ექსპედიციის მეთაური გენერალი ფონ კრესი 1918 წლის ივნისში ჩამოვიდა კავკასიაში მას ადგილზე შულენბურგი დახვდა. 1919 წელს გერმანელების კავკასიიდან გასვლის შემდეგ, მცირე ხნით დაპატიმრებული იყო მოკავშირეების მიერ და გენერალ კრესთან ერთად გარკვეული დრო გაატარა ტყვეობაში კუნძულ პრინკიპოზე. გერმანიაში დაბრუნების შემდეგ, 1919-1922 წლებში, მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ განყოფილებაში. 1922-1931 წლებში იყო გერმანიის წარმომადგენელი თეირანში, 1931-1934 წლებში - ბუქარესტში.

1934 წელს შევიდა ნაციონალ-სოციალისტურ პარტიაში და დაინიშნა გერმანიის ელჩად საბჭოთა კავშირში. არასოდეს ყოფილა ნაცისტი და ჰიტლერი მას, კაიზერის დროის სხვა მოხელეების მსგავსად, უნდობლობით ეკიდებოდა, თუმცა, კვალიფიკაციიდან გამომდინარე, უარს ვერ ამბობდა მათ სამსახურზე.

შულენბურგი ეწინააღმდეგებოდა გერმანიის მიერ ომის დაწყებას საბჭოთა კავშირთან. ომის დაწყების შემდეგ იყო ბოლო მაღალჩინოსანი გერმანელი საჯარო მოხელე, რომელმაც დატოვა საბჭოთა კავშირის ტერიტორია. ომის მიმდინარეობისას იყო ანტისაბჭოელ ემიგრანტებთან აქტიური ურთიერთობის მომხრე. მისი ინიციატივით 1942 წელს ბერლინში, სასტუმრო „ადლონში“ გაიმართა ემიგრანტული წრეების კონფერენცია, სადაც ქართველებიც მონაწილეობდნენ. შულენბურგი ამ ხაზს საბოლოოდ ჩამოსცილდა ნაცისტურ პოლიტიკურ ელიტაში არსებული დაპირისპირების გამო. მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ გერმანია ომში მარცხდებოდა, ჰიტლერი კი მოლაპარაკებების დაწყებას არ აპირებდა, შეუერთდა გერმანიაში არსებულ ანტიჰიტლერულ საიდუმლო მოძრაობას და მონაწილეობდა 20 ივლისის შეთქმულებაში.

1944 წელს შტაუფენბერგის მიერ ჰიტლერზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, შულენბურგი, სხვების მსგავსად დააპატიმრეს და ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების 40 წელი გერმანიის უწყვეტ სამსახურში გაატარა, გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ასტამაძე გ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 490.