გენადი ზაქარაია
გენადი (გენო) შოთას ძე ზაქარაია (დ. 30 ნოემბერი, 1950, სოფ. ნაჯახავო, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი) — ქართველი მოქანდაკე. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2005).
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1980). სწავლობდა მოსკოვში სსრკ სამხატვრო აკადემიის ქანდაკების სახელოსნოში (1984–1987). გამოფენებში მონაწილეობს 1980 წლიდან. მისი გამოფენა (ჯუმბერ ბჟალავასთან ერთად) გაიმართა საფრანგეთში (ქალაქები — პო, ბიარიცი) და ანდორაში (1998). მონაწილეობს საერთაშორისო სიმპოზიუმებში: ნორმანდია, საფრანგეთი (2003–2005) და ჯგუფურ გამოფენებში. ძირითადი ნამუშევრები: „ქალის ტორსი” (თაბაშირი, 1983, საქართველოს მხატვართა კავშირმა აღიარა წლის საუკეთესო ნამუშევრად), „შინმოუსვლელთა მემორიალი” (კერამიკა, აბაშა, 1985), „სივრცე” (ქვა, 1988), „თეთრი ხსოვნა” (ეძღვნება მარკ შაგალს, ქვა, გროდნო, ბელორუსია, 1988), „ლაქა მთვარეზე” (მარმარილო, კინოთეატრი „მოსკოვი”, მინსკი, 1989); „1937” (ქვა, თელავი, 1989), „კორიდა” (ქვა, ბიარიცი, საფრანგეთი, 1991), „პენელოპე” (ხე, 1992), ზაქარია ავალიშვილის საფლავი (დიდუბის პანთეონი, თბილისი, 1997), ნოე ჟორდანიას ბიუსტი (საქართველოს პარლამენტი, თბილისი, 1998), ევდემოზ ერისთავის ბიუსტი (ბრინჯაო, გორი, 2003), აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალი (ქვა, გარდაბანი, 2004), მერაბ მამარდაშვილი, ჰორელიეფი (ბრინჯაო, გორი, 2005), გენერალი გიორგი მაზნიაშვილის მემორიალი (ბრინჯაო, ოკამი, 2006).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 319.