გელიდა კალე
გელიდა კალე, კალე ქოი — ციხე თურქეთში, იალიქოის აღმოსავლეთით, იოროსის კონცხის დასავლეთით დაახლოებით 10 კილომეტრში.
ლუნდის უნივერსიტეტის მიერ 2015 წელს შედგენილი „რომის იმპერიის ციფრული რუკა“ მას კერასუნტთან აიგივებს. სინოპეს კოლონია კერასუნტის ძველ დასახლებას რიგი ავტორი ფოლ-ბაზართან, თანამედროვე ვაკფიკებირთან აკავშირებს. ისტორიკოსთა მეორე ნაწილი კერასუნტს თანამედროვე გირესუნთან აიგივებს. თუმცა, ახ.წ. V-VI საუკუნეების ბიზანტიურ წყაროებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ რომ ამ პერიოდში პარალერულად ორი კერასუნტი არსებობდა. რიგი ავტორის მიხედვით, საფორტიფიკაციო ნაგებობის ახლოს დასახლებული პუნქტი არ ფიქსირდება და მას წმინდა სამხედრო დანიშნულება ჰქონდა. ჩვენი აზრით, უფრო ზუსტი უნდა იყოს „ანტიკური სამყარო ონლაინის“, The AWOL Index ელექტრორესურსის მიერ 2016 წელს დასრულებული „ანტიკური პორტებისა და ნავსაყუდლების კატალოგის“ განსაზღვრა, რომელიც კერასუნტს დღევანდელ კირაზლიკთან, მდინარე კერასუნ-დერე სუს ნაპირზე ათავსებს. რაც შეეხება გელიდას ციხეს, ის ამ დასახლებასთან მისადგომებს უნდა აკონტროლებდეს. ეს ადგილი მეტად ხელსაყრელ გეოგრაფიულ სივრცეშია განთავსებული. იგი ირგვლივ შემოსაზღვრულია ნახევარმთვარისებრი მოყვანილობის გორაკთა სისტემით. აქ ზღვის სანაპირო ზოლიდან იქმნება საკმაოდ გაშლილი სივრცე. ზღვა რელიეფის შესაბამისად ქმნის ნახევარწრისებრი მოყვანილობის საკმაოდ ფართე ყურეს, რომელიც ბუნებრივია ხელსაყრელი იყო ნავსადგურისათვის.
საინტერესოა ისიც, რომ ძველი გირესუნის ნახევარმთვარისებრი სივრცის ორივე დაბოლოებები გამაგრებულ დაცულია საკმაოდ კარგად შერჩეულ ტერიტორიაზე, ზღვისაკენ წინ წაზიდულ კლდოვან ბოცვებზე დაშენებული ციხეებით. სამხრეთიდან იენისელ კალეთი, ხოლო ჩრდილოეთით კალე ქოით. კალე ქოი ტიპური ციხე-კოშკია. იგი დაშენებულია ძველი გირესუნის ყურის ჩრდილოეთით ზღვისკენ წინ წაზიდულ კლდოვან ბორცვზე და პატარა ზომის ნაგებობაა. ციხეზდაკვირვებით ჩანს, რომ აქაც აქა-იქ იყო შემორჩენილი თავდაპირველი საძირკვლის ნაშთები მოგვიანებით იგი აღუდგენიათ. მას სამხრივ ზღვა იცავს. ერთადეთი ცენტრალური მისადგომი ციხეს სამხრეთიდან აქვს. მთელს სიგრძეზე კლდოვან ქანზე დაუშენებიათ გალავნის კედელი, რომლის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში დატანილი იყო ციხის შიდა სივრცეში შესასვლელი საფეხურები, რომლითაც შესვლა პირველ ტერასაზე შეიძლებოდა. ამ კარიბჭეს შესასვლელში იცავდა ოთკუთხა გეგმის მცირე ზომის კოშკი. ნაწილობრივ შემორჩენილია დასავლეთის გალავნის კედელი, მისი საერთო სიგრძე 24,10 მ-ია, ციხის თვდაპირველი ნაშთები შედარებით კარგადაა დაცული ციხის ჩრდილოეთ მხარესაც. მისი სიგრძეა 22, 60 მ. რაც შეეხება აღმოსავლეთით გალავნის კედლის სიგრძეს, 12,5 მ-ია, ხოლო სამხრეთის, რომელიც საძირკვლის დონემდეა მორღვეული 14 მ ყოფილა. შიდა სივრცის სიგრძე 22, 60 მ-ია, სიგანე 19 მ, კედლების სისქე 1,10 მ. ციხის შიდა სივრცე ორ ტერასადაა წარმოდგენილი. არცერთ მათგანზე არ დასტურდება ძველ ნაგებობათა ნაშთები. არაა გამორიცხული თუ რაიმე არსებობდა ისინი კონსერვაციის დროს დაგებული ფილებით დაფარულიყო. პირველი და მეორე ტერასა თავის დროზე ერთმანეთისაგან გამიჯნული ყოფილა განივი კედლით, მისი ამჟამად დაცული სიგრძე 18,70 მ-ია. ციხის პირველი ტერასიდან მეორეზე ასევე საფიხურებითაა ჩასასვლელი. მეორე ტერასის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში გალავნის კედელში დატანილი იყო და დღემდეა შემორჩენილი ზღვაზე ჩასასვლელი თუ იქიდან ციხეში შემოსავლელი საფეხურები. მას იცავდა ოთხკუთხა გეგმის კოშკი, რომლის სამი მხარეა დღემდე შემორჩენილი. ციხეს დასავლეთ მხარეს ჩამოუდის პატარა ღელეც. ეს ციხე ვაკფიქებირიდან ტრაპიზონისაკენ მიმავალი გზის გასასვლელზეა. ციხის მშენებლობის დროს გამოყენებულია საშუალო ზომის გვერდებჩამოსწორებული ქვები. წყობა თარაზულია. არაა გამორიცხული იგი ადრებიზანტიურ პერიოდში იყოს აგებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2019, გვ. 16-18 ISBN 978-9941-8-1990-2