განხილვა:Total War: Warhammer

ბოლო კომენტარი: 6 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა 212.58.121.136

რამდენადაც ვიცი, Warhammer Fantasy Battles-ის არც ერთი წყარო ქართულად არ არის ნათარგმნი ოფიციალურ დონეზე, ამიტომაც ზოგ შემთხვევაში კრეატივი გამომივიდა. არ მინდა, რომ ეს კრეატივი გახდეს კონფლიქტის მიზეზი, ამიტომაც შევეცდები ზოგიერთი ვარიანტი დავასაბუთო. თუ ისინი ვერ დაგარწმუნებენ, შეგიძლიათ შემისწოროთ (მოხარულიც კი ვიქნები).

იმპერია წარმოადგენს რომის საღვთო იმპერიის ადგილობრივ ანალოგს, ამიტომაც სახელები გერმანული ენის მიხედვით გადავთარგმნე - Reikspiel-რაიკშპილი, Reikland-რაიკლანდი, Stirland-შტირლანდი, Sigmar-ზიგმარი, Volkmar-ფოლკმარი და ასე შემდეგ.

Beastmen გადავწყვიტე გადამეთარგმნა მხეცხალხად, მეორე ვარიანტი - მხეცკაცები - ყურს ჭრიდა. მხოლობით რიცხვში, ალბათ, იქნება უბრალოდ მხეცკაცი. სახელების თარგმნისას ვეყრდნობოდი ამას Dev Blog – Speaking in (Dark) Tongues, რადგანაც მათი ენა უნდა ჟღერდეს ფრუტუნისმაგვარი და ბღავილისმაგვარი ბგერებით, გავიფიქრე, რომ ამის მიხედვით kh უნდა გადაითარგმნოს „ხ“-დ (Khazrak), ხოლო gh - „ღ“-დ (Morghur).

ორკების მეტსახელების თარგმნა ოდნავ გამიძნელდა, იმიტომ რომ ორიგინალში ისინი ლაპარაკობენ გრამატიკულად გაუმართავად და ეს მათ მახასიათებლად ითვლება. ზოგი ბგერა იყლაპება, ზოგი უხეშდება, ზოგი იცვლება. მაგალითად, ვურზაგის მეტსახელი არის Da Great Green Prophet, სადაც Da არის გაუხეშებული the, ამიტომაც „დიადი მწვანე წინასწარმეტყველი“ შინაარსით სწორი კი არის, მაგრამ მათი ენის თავისებურებების გამო „წინასწარმეტყველი“ ძალიან გრძელი სიტყვაა მათნაირებისთვის წარმოსათქმელად.

ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული, როგორ უნდა გადაითარგმნოს ghoul და undead. ქართულში, რამდენადაც ვიცი, ანალოგიური სიტყვები არ არსებობს. Undead-ისთვის განვიხილავდი „უსვენებელს“ (განუსვენებლის მნიშვნელობით). Ghoul-ის ტრანსკრიფცია არის „გული“, მაგრამ... არასასურველ ომონიმურ აზრს იძენს. კი ვფიქრობდი გადამეთარგმნა რუმინული ვარიანტი სტრიგოის სახით, რომ აზრი არ დაკარგულიყო, მაგრამ უკვე არის Strigoi ghoul king (სტრიგოი გულის მეფე? მე თუ მკითხავთ, საშინელი ვარიანტია). სტატიაში გადავწყვიტე გამომეყენებინა ზუსტად ეს ვარიანტი: ორივე სიტყვა - ghoul და strigoi - გადავთარგმნე „სტრიგოიდ“. მართლა, ghoul-ისთვის კიდევ არის „ვურდალაკის“ ვარიანტი, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს სწორი იქნება.

Durthu-დურთუ, Argwylon-არგუილონი. თუ ეს ვარიანტები არ მოგწონთ, შეგიძლიათ შეცვალოთ.

Wulfrik the Wanderer - „მოხეტიალე“ მეტსახელის პირდაპირი თარგმანია, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ „მოგზაური“ უფრო უხდება პერსონაჟს.

Corruption-ის შემთხვევაში „სიბილწეზე“ უკეთესი ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, მაგრამ ეს სიტყვა მაინცდამაინც არ მომწონს.

Brayherd გადავთარგმნე როგორც „ბღავილა ჯოგი“, ხოლო Waaagh - როგორც „ვააა“. სისწორეში დარწმუნებული არ ვარ. 212.58.121.136 22:16, 19 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

გვერდ „Total War: Warhammer“-ზე დაბრუნება.