განგება დარბაზობისა
„განგება დარბაზობისა“ — ქართული სამართლებრივი ძეგლი. უძველეს ნუსხაში სათაურად აქვს „წესი და განგებაჲ დარბაზობისა, რომელი აღესრულების მცხეთას კურთხევასა მეფეთასა“. შეიცავს საქართველოში წმინდა მირონის კურთხევისა და სამეფო დარბაზობის წესების აღწერას. მიეწერება მიქაელ კათალიკოსს. თვით ძეგლში დაცული ცნობების მიხედვით, XIII საუკუნეზე ადრე არ უნდა იყოს შედგენილი: ტექსტში იხსენიება ათაბაგი, დარბაზობის წესი მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოსათვის განკუთვნილად ჩანს (მასში, ჭყონდიდლის გამოკლებით, მარტოოდენ აღმოსავლელი მღვდელმთავრებია მოხსენიებული). ძეგლში განსაზღვრულია სამღვდელოების წარმომადგენელთა ადგილ-პატივი მეფედ კურთხევასთან დაკავშირებით გამართული დარბაზობის დროს (იხ. სტატია ჯდომისა და დგომის წესი); მოჩანს ადგილუფროსობისათვის ბრძოლის ძლიერი ანარეკლი — მაწყვერელი იშხნელზე ბევრად მაღლა დგას, მაშინ როდესაც ხელმწიფის კარის გარიგებაში (იხ. სტატია „გარიგება ჴელმწიფის კარისა“) იშხნელი პირველია ზემო ქართლის ეპისკოპოსთა შორის. ძეგლი დროთა განმავლობაში ცვლილებებს განიცდიდა. უკანასკნელად დარბაზობის წესი ახალ ვითარებასთან შეხამებით დაამტკიცეს ერეკლე II-მ და ანტონ I-მა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 1, ტფ., 1928; წგნ. 2, ნაკვ. 2, ტფ., 1928;
- ფუტკარაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 675.
- დოლიძე ის., ქართული სამართლის ძეგლები, ტომი II, თბ., 1965.