გამურვა-დათვობია (სვან. ლიირი-ლიდეშდუნალ) — ქვემო სვანეთის სოფელ ჩიხარეშში (ახალშენის უბანი) ბოსლობის მეორე დღეს (ე.ი. კვირას) გამართული დღესასწაული.[1]

ამ დღეობაზე მონადირეების დასწრება სავალდებულო იყო.[1]

კვირა საღამოს სოფლის ახლოს „ყაენის ყანაში“ (სვ. ყაინი) იკრიბებოდა მთელი „სუმრა“, რომელიც ირჩევდა ორ ყაენს. მათ ხელში ხის დაშნებს აკავებინებდნენ და მთელი ღამის განმავლობაში წესრიგს იცავდნენ. „სუმრა“ ირჩევდა „დათვებად“ ორ მამაკაცს. მათ აცმევდნენ დათვის ტყავებს და ფეხებზე და ხელებზე ამაგრებდნენ მოკლე თხილამურებს (თათების მაგიერ). მამალ „დათვს“ (სვ. კურ დეშდუ) ხისგან გამოთლილ მამაკაცის სარცხვინელი ასოს გამოსახულებას ჰკიდებდნენ და ხელში აძლევდნენ ხის დაშნას.[1]

მამალ და დედალ „დათვებს“ შემოახვევდნენ ხოლმე ცერცვის ჩენჩოს, ნამჯის ნარჩენებს ჩვრებს. მამალი „დათვი“ ხის სარცხვინელ ასოზე ილესავდა დაშნას. დედალი დათვი "წაიქცეოდა და ახდენდნენ სქესობრივი აქტის სიმულაციას. ამ წესს მოჰყვებოდა „მურის წასმა“ (სვ. ლიგუნაშალ//ლიირი) სუმრის ყველა წევრი (ქალი და კაცი) ერთმანეთს სახეზე უსვამდა მურს, პურის ცომს, ნახშირს. სახე გაუმურავი არავინ უნდა დარჩენილიყო. თუ ვინმეს მალული სატრფო ჰყავდა ამ ღამეს, ცდილობდა მასთან შეხვედრას.[1]

ამ დღეობას მოჰყვებოდა ქეიფი უზომო სმითა და ცეკვა-სიმღერით.[1]

„გამურვა-დათვობია“ ბოსლობის დღესასწაულის უშუალო გაგრძლებას წარმოადგენდა და თავიდან ბოლომდე სექსუალური ურთიერთობის ინსცენირების გამომხატველი იყო. მამალი „დათვის“ ბერიკას და საქმისაის მსგავსად მორთვა, ასევე სქესობრივი ექსცესების დემონსტრირება (საქმისაისა და მელია-ტელეფიას მსგავსად).[1]

ორი ყაენის არჩევა, ამ დროს შესრულებული „ლიგუნაშალის“ რიტუალი: სახის შავად შეღებვა, ნახშირით ან მურით, წყალში აზელილი ნაცრის და პურის ცომის სახეზე წასმა, რომელიც მიწის ნაყოფიერების გაზრდის მიზანს ემსახურებოდა, გვაფიქრებინებს, რომ „დათვობია“ / ლიდეშდუნალი/ „მურყვამობა-კვირიაობის“ ციკლში შემავალი დღესასწაული იყო და გენეტურად კვირიას კულტს უკავშირდებოდა.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 ონიანი 2020.