გამოღმა არგვეთის ოქონის ღვთისმშობლის ეკლესია
გამოღმა არგვეთის ოქონის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთში. აგებულია XIX საუკუნეში.
ეკლესია დარბაზულია, დასავლეთიდან გვიანი პერიოდის მინაშენით. ნაგებია კირქვის ნათალი ქვით. აღმოსავლეთით ღრმა აფსიდია, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. საკურთხეველი გამოყოფილია ორსაფეხურიანი მხრებით, რომელზეც კონქის საბჯენი თაღია გადასული. გრძივი კედლები დანაწევრებულია ორი წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით, რომლებზეც კამარის საბჯენი ორსაფეხურიანივე თაღები გადადის. ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში არქიტრავული კარია გაჭრილი. სამხრეთის კედელში ორი სწორკუთხა სარკმელია. ერთი სარკმელი აქვს დასავლეთის კარის თავზეც. ამჟამად ის მინაშენშია მოქცეული. ტაძრის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კართა გაფორმება გვიანია. ტაძარს მარტივი თაროსებრი ლავგარდანი აქვს. ფასადები გალესილი ყოფილა კირით. ახლა უკვე ჩამოცვენილია. მინაშენი ნატეხი ქვითაა აგებული. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარის მოჩარჩოება იდენტურია ტაძრის დანარჩენი კარების მოჩარჩოებისა. ტაძარს სამხრეთიდან მინაშენი ჰქონია, ასევე შემდგომი პერიოდის. ის დღეს აღარ არსებობს. ტაძრის მორთულობა მწირია. მთავარი დატვირთვა აღმოსავლეთ ფასადზე მოდის. მორთულია სარკმლის მოჩარჩოება და მის ზემოთ მოცემულია რელიეფური დიდი ჯვარი. ჯვრის თავზე ვერძის ჰორელიეფი იყო, რომელიც ახლა ჩამომტვრეულია.
ტაძრის დასავლეთით რამდენიმე მეტრში დგას სამსართულიანი სამრეკლო. პირველი და მეორე სართულები ყრუა და მათში მესამე სართულზე ასასვლელი კიბეა მოქცეული. მესამე სართული ფანჩატურია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17057