გალ-ერდი — ქრისტიანული ძეგლი რუსეთის ფედერაციაში. მდებარეობს ჩრდილო–კავკასიის ფედერალურ ოლქში, ინგუშეთის რესპუბლიკაში, სოფელ ეგენტის მეზობლად წყალგამყოფ ქედზე. დღეისათვის ეს ძეგლი ძალიან დაზიანებულია და მის თავდაპირველ ფორმაზე საუბარი შეუძლებელიც კია. არსებობს მხოლოდ მკვლევარ ვსევოლოდ მილერის ჩანაწერები ამ ძეგლისა და სწორედ მისი მიხედვით თუ არის შესაძლებელი ამ ისტორიული ძეგლის თავდაპირველი სახის აღდგენა. დღეს, ნაგებობის ზედა ნაწილი ჩამოქცეულია, გალავნის კედლებიდან კი მხოლოდ საძირკვლის ნაწილიღაა დარჩენილი. ეს ძეგლი პირველად მოხსენიებულია 1810 წლის საზავო ხელშეკრულებაში, რომელიც რუსებსა და ინგუშებს შორის გაფორმდა. სწორედ ამ ძეგლის ფიცით განამტკიცებენ თავიანთ დადებულ შეპირებას.

გალ-ერდის სახურავი ერთქანობიანი ჰქონია, ფიქალის ქვის ფილებით გაწყობილი.

ინგუშები დიდ პატივს სცემდნენ გალ-ერდის ქრისტიანულ ძეგლს. გადმოცემის თანახმად გალ-ერდისთან წელიწადში, ორჯერ იკრიბებოდნენ, ეს კი ხდებოდა ზაფხულობით და ზამთრობით. ანდრეი შეგრენი უფრო ზუსტად გადმოგვცემს დღესასწაულის პერიოდს. 1846 წელს, როგორც ბარის ისე მთის ინგუშები გალ-ერდს მსხვერპლს წირავდნენ სამებასა და ახალ წელს. ახალ წელს ხდებოდა ქადაგად დავარდნა და წინასწარმეტყველება მომავალი წლის შესახებ. შემდეგ იშლებოდა სუფრა. ზაფხულობით აქ მოჰყავდათ შესაწირავად ძროხა და კლავდნენ ეკლესიის ეზოში. სხვადასხვა გვარის წარმომადგენელი შესაწირავს გალავნის კედლებში მოწყობილ მათთვის განკუთვნილ ნიშში დებდა. ქრისტიანული რიტუალი შერწყმული იყო წარმართულ ელემენტებთან.

ტაძრის ინტერიერში აღმოსავლეთ კედელთან მოწყობილ ქვის საკურთხეველში ერთმანეთის თავზე 2 ნიში იყო განთავსებული. როგორც ჩანს, ძირითად ხატებისთვის დატანებული. აღნიშნულ ტაძარს გარს ერტყა გალავანი, რომლის კედელშიც დასაჯდომად განკუთვნილი დაახლოებით 21 ნიში იყო გაკეთებული.

უნდა აღინიშნოს, რომ გალ-ერდი ვაინახთა სინკრეტული რწმენის საფუძველზე შექმნილი ტიპური ნაგებობაა. ის მთიან ინგუშეთში მდებარე ნაკლებადცნობილი ძეგლს წარმოადგენს. საინტერესოა, რომ აღნიშნული ქრისტიანული საკულტო ძეგლის ასაგებად, შერჩეულია ისეთი ადგილი, რომელიც მოსახლეობას ძველთაგანვე წმინდა ადგილად მიაჩნდა. ინგუშების ნაწილი აღიარებდა ქრისტიანობას, თუმცა იგი საფუძვლიანად იყო აღრეული ადგილობრივ წარმართულ წარმოდგენებთან.

ლიტერატურა რედაქტირება

  • В.Миллер. Археологические наблюдения в области чеченцев. МАК, 1888.
  • Л.П.Семенов, Эволюция ингушских святилищ. Труды секции археологии РАНИОН, IV, М., 1928, стр.455.
  • მარიამ ბეჟიტაშვილი, ქრისტიანული ძეგლები ინგუშეთში., თბ., 2012, №5

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ინგუშეთის ძეგლები