გალიციის ბრძოლა
გალიციის ბრძოლა 1914 — პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) ერთ-ერთი დიდი ბრძოლა რუსეთისა და ავსტრია-უნგრეთის არმიებს შორის გალიციასა და პოლონეთში. ორივე მხრიდან მონაწილეობდა 2 მილიონამდე კაცი და 5 ათასამდე ქვემეხი. ბრძოლის დასაწყისში რუსეთის არმიები ითვლიდა 36,5 ქვეით და 12,5 კავალერიის დივიზიას, ავსტრია-უნგრეთის — 39 ქვეით და 10 კავალერიის დივიზიას, ბრძოლის დასასრულს რუსეთის — 50 ქვეით და 20,5 კავალერიის დივიზიას, ავსტრია-უნგრეთის — 48 ქვეით და 11 კავალერიის დივიზიას. რუსების სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის ამოცანა იყო გარშემორტყმოდა და გაენადგურებინა ავსტრია-უნგრეთის ძირითადი ძალები. ავსტრია-უნგრეთის სარდლობის გეგმა ითვალისწინებდა რუსების სამხრეთ-დასავლეთი ფრონტის მარჯვენა ფრთის განადგურებას. ბრძოლა დამთავრდა რუსეთის გამარჯვებით. რუსებმა ამ ბრძოლაში დაკარგეს 230 000 კაცი და 94 ქვემეხი, მოწინააღმდეგემ 325 000 კაცი და 400 ქვემეხი. გალიციის ბრძოლაში რუსების გამარჯვებას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ავსტრია-უნგრეთის ჯარების განადგურებამ მნიშვნელობა დაუკარგა გერმანელების წარმატებებს აღმოსავლეთ პრუსიაში. გერმანიის მთავარმა მოკავშირემ ავსტრია-უნგრეთმა კარგა ხნით დაკარგა ბრძოლისუნარიანობა და გერმანიაც იძულებული გახდა დიდი ძალებით დახმარებოდა თავის დასუსტებულ მოკავშირეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 644.