გაიჩაანთუბნის წმინდა გიორგის ეკლესია

გაიჩაანთუბნის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გაიჩაანთუბანში. სტილისტური ანალიზით თარიღდება XIX საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (ზომები მინაშენებიანად - 21 X 15 მ), ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილი მოგრძო კვადრებით. გადმოცემით, ეკლესია აუშენებიათ ბერძენ ოსტატებს. ეკლესიას ოთხი შესასვლელი აქვს - სამხრეთით, დასავლეთით და ორი ჩრდილოეთ კედლის განაპირა ნაწილებში (ორივე ამოშენებულია). სამხრეთის და დასავლეთის შესასვლელები შიგნიდან თაღოვანია, გარედან სწორკუთხოვანი. დასავლეთის შესასვლელს გარედან დეკორატიული თაღი აგვირგვინებს. აფსიდის ღერძზე დიდი ზომის თაღოვანი სარკმელია, გვერდებზე - თითო სწორკუთხა ღრმა ნიში. აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მხრებით, რომლებზედაც დაბჯენილი იყო სატრიუმფო თაღი. დარბაზის გრძივ გლუვ კედლებს უშუალოდ ეყრდნობა კამარა. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე, შესასვლელის ზემოთ, კედლის მთელ სიგრძეზე კედლის სისქის შემცირებით შექმნილია საფეხური, რომელსაც ეყრდნობა სამხრეთის სწორკუთხა მინაშენის კამარა. მინაშენში, ეკლესიის შესასვლელის ღერძზე, განივი კედლებით გამოყოფილია განიერი სწორკუთხოვანი კარიბჭე, რომელიც წინიდან მთელ სიგანეზე იყო გახსნილი. კარიბჭე განივ კედლებში გაჭრილი თითო კარით უკავშირდებოდა მინაშენის დასავლეთ და აღმოსავლეთ სათავსებს. ეკლესიას ჩრდილოეთითაც აქვს სწორკუთხოვანი მინაშენი. ორივე მინაშენის აღმოსავლეთ კედელში თაღოვანი სარკმელია, ეკლესიის აფსიდის მხარეს კი, კედლის სისქეში დიდი თაღოვანი ნიში. ეკლესიას შემოვლებული აქვს გალავანი, რომელსაც შესასვლელი სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ ნაწილში აქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.