გაიოზ ვასაძე (დ. 14 მაისი, 1928, ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. ნოემბერი, 2016) — ქართველი ექიმი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ქალაქ ქუთაისში. დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1952 წელს. 1960-1963 წლებში ხელმძღვანელობდა ექსპერიმენტული ქირურგიის ლაბორატორიას, თავდაპირველად ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის, შემდეგ კი ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში. 1963-1968 წლებში იყო ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის განყოფილების გამგე, 1968-1984 წლებში სამედიცინი კიბერნეტიკის განყოფილების გამგე, 1971-1984 წლებში ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1984-1987 წლებში საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო-ს IV სამმართველოს ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის დირექტორი, 1985-1990 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის კათედრის გამგე. 1964-1984 წლებში იყო რესპუბლიკის დარგობრივი ავტომატიზებული მართვის სისტემის მთავარი კონსტრუქტორი. 1987-1994 წლებში სამედიცინო ინფორმატიკისა და კომპლექსური ავტომატიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და ამავე დასახელების საწარმოო-სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი.

1994-2006 წლებში საქართველოს სოციალური და ჯანმრთელობის ინსტიტუტი-ს (ყოფილი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მართვის ეროვნული ცენტრი) მრჩეველი. შეისწავლიდა შოკის, სისხლის დაკარგვისა და ტერმინალურ მდგომარეობათა პათოფიზიოლოგიას, სამედიცინო კიბერნეტიკის, ინფორმატიკის, ბიომათემატიკის, ცოდნის მართვის სისტემათა და საქართველოში სამედიცინო მეცნიერებების ორგანიზაციის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1967), სამედიცინო კიბერნეტიკის ფუძემდებელი საქართველოში.[1]

იყო სამედიცინო ინფორმატიკისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის ასოციაციის პრეზიდენტი (1991–2016) და საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1994–გარდაცვალებამდე)

მიღებული აქვს ღირსების მედალი (1998).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • სამედიცინო ინფორმატიკისა და ბიოსტატისტიკის საფუძვლები : სამედ. უნ-ტის სტუდეტებისათვის (რედაქტორი). გვ. 268, თბ., 2003

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება