ცხენბურთი
ცხენბურთი — ქართული ეროვნული საცხენოსნო თამაში. ფეოდალურ ეპოქაში იყენებდნენ როგორც სამხედრო-ფიზიკური აღზრდის საუკეთესო საშუალებას. შემდგომში შემუშავდა და დაიხვეწა თამაშის წესები, დადგინდა შეჯიბრების პირობები. განსაკუთრებით პოპულარულია დასავლეთ საქართველოში.
ცხენბურთს თამაშობს ორი გუნდი 6-6 მხედრის შემადგენლობით (ერთი მეკარეა). საასპარეზო სწორი მინდვრის სიგრძეა 150—300 მ, სიგანე — 75—120 მ; მინდვრის კუთხეებში დამაგრებულია დროშები. კარის სიგრძეა 6 მ, სიმაღლე — 3,5 მ, მის წინ შემოხაზულია 10—20 მ საჯარიმო მოედანი. შუა მინდორში სიგანეზე გავლებულია ხაზი 5 მ-იანი დიამეტრის მქონე ცენტრალური წრით. თამაშის ძირითადი ინვენტარია მკვრივი ბურთი და ხის ჩოგნები, რომლებსაც ბოლოში დამაგრებული აქვს ბადიანი რკალი. თამაშის მიზანია ბურთის გატანა მეტოქის კარში ისე, რომ მხედარი ბურთს ეხებოდეს მხოლოდ ჩოგნით. თამაში გრძელდება 20 წუთი (სუფთა დრო; არ ჩაითვლება გვერდითი ხაზიდან ბურთის შემოტანის, საჯარიმო და სადავო გათამაშების დრო). პირველი 10 წუთის შემდეგ ეწყობა 15-წუთიანი შესვენება. თამაშის ყოველი ნახევრის დაწყებისა და გატანილი ბურთის შემდეგ მსაჯს (ისიც ცხენზე ზის) ბურთი თამაშში შეჰყავს მინდვრის ცენტრში მაღლა აგდებით. თანამსაჯები მოქმედებენ გვერდითი ხაზების გასწვრივ. თამაში მიმდინარეობს სწრაფ ტემპში, საინტერესო ტაქტიკური კომბინაციებით და რთული ტექნიკის ილეთების გამოყენებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქორქია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 250.