გაბრიელ თათარაშვილი

ქართველი პედაგოგი, სამასწავლებლო ინსტიტუტის პირველი დირექტორი.

გაბრიელ (გაბო) თათარაშვილი (დ. 1901 ან 1902 — გ. 7 მაისი, 1943) — ქართველი პედაგოგი. გორის სამასწავლებლო ინსტიტუტის პირველი დირექტორი 1936-1937 წლებში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1935 წლის 1 აგვისტოს, 33 წლის ასაკში ინსტიტუტის პირველ დირექტორად დაინიშნა. ასაკის მიუხედავად, მას ჰქონდა პედაგოგიური სტაჟი. იყო თბილისისა და მოსკოვის პედაგოგიური ინსტიტუტების კურსდამთავრებული. მუშაობდა სოფლების მეჯვრისხევისა და ზემო ხვედურეთის სკოლებში პედაგოგად და გამგედ. 1933 წლიდან იყო გორის სამასწავლებლო ტექნიკუმის დირექტორი, ხოლო 1934 წლიდან – გორის განათლების რაიონული განყოფილების გამგე. იგი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს 1937 წელს. დაპატიმრების მიზეზად ინსტიტუტის შენობის პროექტირებისას დაშვებული შეცდომები და მშენებლობის ტემპები დასახელდა.

ჰყავდა პედაგოგი მეუღლე ქეთევან კასრაძე, რომელიც დედის მხრით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის შთამომავალი იყო. გაბრიელის დაპატიმრებისთანავე, მის ოჯახს გორში საცხოვრებელი ბინა ჩამოართვეს და სანაცვლოდ, ბაგრატიონის ქუჩაზე ერთი სტანდარტული ოთახი სახანძროს უკან მდებარე სახლში გამოუყვეს. მისი მეუღლე ქეთევან კასრაძე, რომელიც ამავე ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო, 1937 წლის 20 აგვისტოს ინსტიტუტიდან გარიცხეს, საბავშვო ბაღის გამგის თანამდებობიდანაც გაათავისუფლეს.

რეაბილიტაცია

რედაქტირება

გაბრიელ თათარაშვილის ოჯახისთვის სამართლის ძებნა სტალინის გარდაცვალების შემდეგ გახდა შესაძლებელი. 1956 წლის 29 აგვისტოს ქეთევან კასრაძე-თათარაშვილმა კავკასიის სამხედრო ოლქის პროკურორის დასკვნა მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ

 
„ამ წლის 7 აგვისტოს კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით თქვენი ქმარი გაბრიელ ივანეს ძე თათარაშვილი რეაბილიტირებულია და მის მიმართ საქმე შეწყვეტილია დანაშაულის მიზეზების არარსებობის გამო.“

იმავე 1956 წლის 13 ნოემბერს გორის საქალაქო განყოფილების მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიუროდან (მმაჩი) გარდაცვალების ცნობა გაგზავნეს, რომლის მიხედვით, გაბრიელ თათარაშვილი გარდაიცვალა 1943 წლის 7 მაისს. გარდაცვალების მიზეზი — „არტელიოსკლეროზი“, გარდაცვალების ადგილი გადაშლილია. საბუთის მეორე მხარეს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიუროს გამგის მიერ მიწერილია: „გარდაცვალების ადგილი წაშლილია ჩემს მიერ“ და ხელმოწერა. ეს მოწმობა, იმ წლებში გაცემული ბევრი სხვა საბუთის მსგავსად, გაყალბებულია. გორის ინსტიტუტის პირველ დირექტორს არც 1943 წლამდე უცოცხლია და არც ავადმყოფობით გარდაცვლილა. როგორც წყაროებიდან ირკვევა გაბრიელ თათარაშვილი დახვრიტეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ალიმბარაშვილი ი., გორის სამასწავლებლო ინსტიტუტის დაარსება და მისი პირველი დირექტორის ტრაგიკული აღსასრული, ჟურნ. „ისტორიანი“ თბ., 2018, № 3, გვ. 48-55