ბუკობის ბრძოლა
ბუკობას ბრძოლა (ინგლ. Battle of Bukoba) — ანტანტის ძალების პირველი გამარჯვება გერმანიის აღმოსავლეთ აფრიკაში, რომელიც ტანგისა და იასინის დამანგრეველი ბრძოლების შემდეგ მოხდა.
ბრიტანეთის მიზანი ბუკობაში გერმანული უკაბელო რადიოსადგურის განადგურება იყო. ოპერაციას დარბევის სახე უნდა ჰქონოდა.
დარბევა 1915 წლის 21 ივნისს კისუმუდან, ბრიტანეთის აღმოსავლეთ აფრიკაში დაიწყო. თავდასხმისთვის არჩეულ ჯარებს შორის იყვნენ ჩრდილოეთ ლანკაშირის პოლკის ჯარისკაცები და სამეფო ფუზილერები, რომლებიც ცნობილია 25-ე სასაზღვრო ბატალიონის სახელით. ეს უჩვეულო დანაყოფი პოლკოვნიკმა დანიელ პატრიკ დრისკოლმა ბურების მეორე ომის დროს შექმნა, როგორც არარეგულარული ძალა, რომელიც ძალას ძირითადად მოხალისეებისგან იღებდა.
ქალაქში ბრძოლები ორი დღე გაგრძელდა. 23 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, გერმანელებმა უკანდახევა დაიწყეს და ბუკობას დასავლეთით მდებარე ბორცვებზე დაიხიეს. ქალაქში ბრიტანელები შევიდნენ. ჯგუფის ავსტრალიელი წევრი, ლეიტენანტი ვილბურ დარტნელი, ქალაქის მერიის თავზე ავიდა და გერმანიის იმპერიული ბანერი მოიხსნა, როგორც გამარჯვების სიმბოლური ჟესტი.
ფორტ ბუკობა და უსადენო რადიოსადგური განადგურდა. ბრიტანელებმა თოფები და 32000 ტყვია საბრძოლო ნადავლი აიღეს. მესაზღვრეებს ქალაქის გაძარცვისთვის ნება დართეს, რაც დარბევაში გადაიზარდა და ისტორიაში შევიდა, როგორც „ბუკობას დარბევა“.
ბრიტანეთის უმაღლესმა სარდლობამ დიდი გამარჯვება გამოაცხადა და ძარცვის ფაქტი გადაფარა. ბუკობა ბრიტანელებმა მიატოვეს.
24 ივნისს ფონ შტუმერი თავის ხალხთან ერთად დაბრუნდა და ბუკობა მთლიანად განადგურებული დახვდა. ადგილობრივ ხელმძღვანელს, სახელად ნტალს, ბრალი დასდეს ნგრევასა და ძარცვაში და საჯაროდ ჩამოახრჩვეს ფოსტის შენობის წინ.