ბუერა (ვაზის ჯიში)
ბუერა, ბუერა ვაზი, ბუერო, ბუერო ვაზი, ბუა ყურძენი, საჩურჩხელე, გავაზურა — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.
ამ სახელის შერქმევით ადგილობრივ მევენახეებს ვაზის ბიოლოგიური თვისება აღუნიშნავთ. მართლაც, ეს ჯიში იფურჩქნება და იბურება. მისი ყლორტები კი განზე გადის და ქვემოთ ეშვება. ძველად მისი სახელწოდება ყოფილა ბუერა-ვაზი. შულავერში ერქვა „სარი საჩაღი“ (Sari — ყვითელი, Saçaği — ფოჩი), ხოლო ბორჩალოში მცხოვრებმა გერმანელმა კოლონისტებმა უწოდეს „როლ ბეერ“ (Roll — მრგვალი, Beer — კენკრა).
ბუერას ნერგები თავის დროზე გაიტანეს საზღვარგარეთ და გაავრცელეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა რესპუბლიკაში.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო, ოდნავ ოვალური ფორმის, სამნაკვთიანი, ზოგჯერ ხუთნაკვთიანიც. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა ცვალებადია. ვაზზე ვხვდებით როგორც ოდნავ ჯაგრისებრად შებუსულ, ისე თითქმის სრულიად შიშველ და ჯაგრისებრად სქლად შებუსულ ფოთლებს. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საკმაოდ დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ცილინდრული ფორმის, საშუალო სიკუმსის ან კუმსი, იშვიათად მეჩხერი მტევნები. მარცვალი მსხვილი და საშუალოზე მსხვილია, ოვალური, იშვიათად გვხვდება მრგვალი ფორმის მარცვლებიც, მომწვანო-მოყვითალო ფერის. კანი თხელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი ოდნავ მკვრივია, მდნარი, ტკბილი გემოთი. გვხვდება ოდნავ მომჟავო მარცვლებიც.
ბუერა საშუალოზე ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანი ჯიშია. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 138-164 დღეა. ვაზის სიმწიფის ფაზა 10-20 სექტემბერია. მტევნის წონა 160-500 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 10.0-12.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19 %-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.8 გ/ლ-ს.
მიიღება ევროპული ტიპის სუფრის თეთრი მშრალი ღვინო, რომელსაც აქვს ჩალისფერი შეფერვა, სუსტად გამოხატული არომატი, ნაზი, ჰარმონიული გემო და ხალისიანი სიმჟავე. იგი აგრეთვე საუკეთესო საკუპაჟე მასალაა მაღალალკოპოლიანი, მძიმე და უხეში ღვინოების გასაუმჯობესებლად. იძლევა სასუფრე ყურმენს და შესანიშნავ მასალას უალკოპოლო ყურძნის წვენისა და საბრენდე სპირტის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 81