ბრძანება და უწყება

„ბრძანება და უწყება“ (1763-1787), თბილისი) — პირველი ქართული გაზეთის „საქართველოს გაზეთის“ წინამორბედს, რომელიც, ზაქარია ჭიჭინაძის შეგროვილ ცნობებს თუ დავუჯერებთ, გამოდიოდა 1763 - 1787 წწ. შუა, სპორადიკულად, ერთეულ ფურცლებად, ერქვა ჯერ „ბრძანება და უწყება”, შემდე კი „ლეპორტი”; შეიცავდა მეფისა და პატრიარქის ბრძანებებს, განკარგულებებსა და სხვადასხვა ოფიციალურ აქტებს.

ერთადერთი ფაქტობრივი მასალა ამ გამოცემის შესახებ მხოლოდ ზაქარია ჭიჭინაძეს მოჰყავს თავის ბროშურაში. ზ. ჭიჭინაძე წერს: „საქართველოში გაზეთის მსგავსი ფურცლების ბეჭდვა 1760 წ. შემდეგ იწყეს, ანუ ქართლ-კახეთის დაკავშირებიდან, როცა ამ ორი კუთხის მეფედ ერეკლე II გამოცხადდა. 1763 წელს გამოიცა გაზეთის მსგავსად ერთი თაბახიან ქაღალდის ნაბეჭდი ფურცელი, რომელსაც სახელად „ბრძანება და უწყება” ეწერა. ამ „ბრძანებასა და უწყებაში“ იბეჭდებოდა სამეფო ცნობანი, მაგალითებრ სხვადასხვა მოურავთათვის საუწყებელი ცნობები, ბრძანება გვარიშვილობის აყრაზედ, მამულების ჩამორთმევაზედ, გვარიშვილობის ბოძებაზედ, სამეფო ბრძანება, მეფის მოწყალება, მოხმობა, მდევრის ძახილი და სხვანიც ამგვარნი საჭირო უწყებანი... შემდეგ პატრიარქის ბრძანება და განკარგულებანი“.[1]

„ამ გამოცემის გარდა 1783 წ. გამოიცა მეორე ამგვარივე განცხადების ფურცელი კვალადვე მეფის ბრძანებით, რომელსაც სახელად „ლეპორტი“ ეწოდა. „ლეპორტიც“ ისევე გამოდიოდა, როგორც „ბრძანება და უწყება“. „ლეპორტი“ მდაბიოთ შორის ძლიერ გავრცელდა. ანდაზასავებ გარდაიქცა თქმულებაგლეხთ შორის, რომ „ლეპორტი“ მომივიდა, „ლეპორტი“ მომერთოდა მრავალ ამ გვარი სხვანი. ჩვენმა მწიგნობარ მოხუცებულთა კარგად იცოდნენ და მასთან ხშირად ახსენებდნენ, რომ ლეპორტი გაზეთი იყოვო, ასევე სთქვა ქართველ ცენზორად ყოფილმა ლ.ს -ძე ისრალოვმა“

ლიტერატურა რედაქტირება

  • გვ.1. ქართული პერიოდიკა, 1819-1945 / ბიბლიოგრ. შედგენილი გ.ი. ბაქრაძის მიერ. ვ.ი. ეგნატაშვილის რედ.;თბ.: წიგნის პალატა,1946

სქოლიო რედაქტირება

  1. ზაქარია ჭიჭინაძე. ქართული გაზეთების ასი წლის ისტორია. თბილისი. მეორე გამოცემა.1916.გვ.62-64