ბროწლეთის ღვთისმშობლის ეკლესია

ბროწლეთის ღვთისმშობლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროწლეთის სასაფლაოზე. წარმოადგენს ერთმანეთზე მიდგმულ ორ დარბაზულ ეკლესიას.

ბროწლეთის ეკლესიის დასავლეთი ფასადი, განივი განაკვეთი აღმოსავლეთისაკენ და გეგმა

სამხრეთით მდგარი ეკლესია (7,4 X 4 მ) თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით, ხოლო ჩრდილოეთისა (7,9 X 5,5 მ) გვიანდელი ფეოდალური ხანით. შენობები ერთმანეთს უკავშირდება კარით, რომელიც საერთო გრძივი კედლის დასავლეთ ნაწილშია. ორივე ეკლესიის აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლები ერთმანეთს აცდენილია. ეკლესიები ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებში გამოყენებულია კარგად გათლილი ღვინისფერი ტუფის დიდი ზომის ქვები. კედლები შიგნიდან და გარედან შელესილია. ადრინდელი დანგრეული ეკლესია შეუკეთებია, აღუდგენია და ახალი, მეორე ეკლესია აუშენებია თავად მანუჩარ თუმანოვის (თუმანიშვილის) ასულს სალომე სულხანოვისას (სულხანიშვილისა). ეკლესია მოგვიანებით სოფლის მცხოვრებლებსაც შეუკეთებიათ. ჩრდილოეთ ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს. დასავლეთით კედლის შუაში მთავარი შესასვლელია, რომელიც გარედან მოჩარჩოებულია სწორკუთხა, ოდნავ ჩაწეული სიბრტყით. სიბრტყეს კუთხით დალაგებული აგურის ერთი რიგი ამთავრებს, თაღი კედლის სისქეში ჩადის. მეორე, ჩრდილოეთით თაღოვანი, სამხრეთ ეკლესიის მხარეს სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილში. პილასტრთანაა. ორივე შესასვლელს აქვს ნაოთხალები. ოდნავ ნალისებრი აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, აფსიდის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში - თაღოვანი წრიული ნიშები. აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია ორსაფეხურიანი კაპიტელებით დასრულებული მხრებით, რომლებსაც ებჯინება სატრიუმფო თაღი. აფსიდის იატაკი დარბაზისაგან ერთი საფეხურითაა ამაღლებული. ჩრდილოეთის და დასავლეთის კედლებში თითო სარკმელია. ჩრდილოეთ სარკმელი ორივე მხრიდან თაღოვანია. შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა დასავლეთის სარკმელი გვიანდელია. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი ერთსაფეხურიანი პილასტრებია. დასავლეთის კედელზე კუთხის პილასტრებია. პილასტრები მთავრდება ორსაფეხურიანი იმპოსტებით, რომლებზეც გადაყვანილია კამარის საბჯენი თაღები. დასავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე აგურის წყობით გამოყვანილია საფეხუროვან პირამიდაზე დაფუძნებული ჯვარი. ამ ფასადზევეა ჩადგმული წარწერიანი ქვა, რომელიც გვამცნობს აღმდგენლის ან ამშენებლის ვინაობას.

სამხრეთ ეკლესია ჩრდილოეთ ეკლესიის აშენების შემდეგ ასრულებს მინაშენის ფუნქციას. გეგმით ჩრდილოეთ ეკლესიის მსგავსია. შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედელში, პილასტრის დასავლეთითაა. აფსიდში შემორჩენილია ორი ღრმა სწორკუთხოვანი ნიში. გრძივი კედლები ერთსაფეხურიანი პილასტრებით ორ ნაწილად იყოფა. დასავლეთის კედელზე კუთხის პილასტრებია. ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის პირი მთელ სიგრძეზე ჩამალულია ჩრდილო ეკლესიის კედლის წყობაში, რომელშიც ჩაშენებულია ამ კედლის პილასტრებიც. სამხრეთ ფასადზე, ტიმპანის ქვაზე, რელიეფური ჯვარია, რომლის ორივე მხარეს გამოკვეთილია ცხოველთა ფიგურები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990.