ბროლა, ბროლას ვაზი, ბროლის ყურძენიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აჭარიდან.

ჯიშისათვის ასეთი სახელი იმან განაპირობა, რომ სიმწიფის პერიოდში ბროლას მარცვლები ბროლივით გამჭვირვალე ხდება და მათი კანი ულამაზეს ელფერს იძენს. წარსულში მისი მაღლარები მასობრივად ყოფილა გავრცელებული შუა და ზემო აჭარის სოფლებში. მას ძირითადად სასუფრე ყურძნად იყენებდნენ, წვენისაგან ფელამუშსა და ჩურჩხელას აკეტებდნენ, რომელსაც ადგილობრივები „ქუმას“ ეძახიან, ან ბაქმაზს ამზადებდნენ.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან განივოვალური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე საკმაოდაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგ შემტხვევაში დატოტვილი. თხელია ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, თითქმის მომრგვალო, ღია მწვანე. საკმაოდ სქელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი საკმაოდ ხორციანი და უფრო წვნიანია, სასიამოვნო გემოთი.

ბროლა საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე საშუალოდ 190 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებში შედის. მტევნის წონა 90-100 გრამს აღწევს, ხოლო საჰექტარო მოსავლიანობა დაბლარად ფორმირებისას 6.0-8.0 ტონას. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა არწევს 20-21%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-9 გ/ლ-ს.

ბროლასაგან მიიღება კარგი ხარისხის თეთრი სუფრის ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 76