ბრინჯის ჯანყები
„ბრინჯის ჯანყები“, იაპონიაში მშრომელთა მასობრივი რევოლუციური გამოსვლები (1918 წლის აგვისტო-სექტემბერი), რომელთა უშუალო საბაბი გახდა ბრინჯის ფასის სპეკულაციური გაზრდა. დაიწყო 1918 წლის 3 აგვისტოს, როდესაც ტოიამის პრეფექტურის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე პატარა საპორტო ქალაქ ნისიხსამატის მებადურთა ცოლებმა მანიფესტაცია მოაყწვეს და მოითხოვეს საზღვარგარეთ ბრინჯის გატანის შეწყვეტა და მასზე ფასები დაკლება. მოძრაობა სწრაფად მოედო 33 პრეფექტურას. „ბრინჯის ჯანყებში“ ძირითადად ქალაქის ქვედა ფენები მონაწილეობდნენ. აჯანყებულები წვავდნენ და ანგრევდნენ საწყობებს, მემამულეთა და მეწარმეთა სახლებს, საპოლიციო უბნებს. გამოსვლები მოხდა 37 დიდ, 104 საშუალო და პატარა ქალაქში, 97 სოფელსა და მეთევზეთა დაბაში, 29 მაღაროსა და შახტში. 60 ადგილას აჯანყების ჩასახშობად მთავრობამ გამოიყენა ჯარები (სამხედრო-საზღვაო, ქვეითი, საკავალერიო, მესანგრეთა ნაწილები, საველე არტილერია). დააპატიმრეს 8185 აჯანყებული. აქედან 7708 კაცი სასამართლოს გადასცეს. მაგრამ ხელისუფლება მაინც იძულებული გახდა გარკვეული დაპირებები მიეცა ხალხისათვის. 1918 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში გადადგა გენერალ ტერაუტის სამხედრო-ბიუროკრატიული კაბინეტი. შეიქმნა იაპონიის ისტორიაში პირველი ე. წ. პარტიული კაბინეტი ადვოკატ ხარას მეთაურობით. ახალ მთავრობამ ნაწილობრივ გააფართოვა საარჩევნო უფლებები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 526.