ბოჩა (თამაში)
ბოჩა (იტალ. Boccia) — თამაში ბურთით, პარაოლიმპიური სპორტის სახეობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.[2]
უმაღლესი ორგანო | ბოჩას საერთაშორისო სპორტული ფედერაცია (BISF) |
---|---|
პირველი თამაში | 1970[1] |
მახასიათებლები | |
ტიპი | სპორტის სახეობა |
შერეული სქესი | კაცები/ქალები |
პარაოლიმპიადა | 1984 წლიდან |
ქვეყანა/რეგიონი | შვედეთი[1] |
ისტორია
რედაქტირებათამაშს, რომელიც დიდი ხნის წინ რომში დაარსდა, საკმაოდ მდიდარი ისტორია აქვს. ის 1980 წელს გამოიგონეს, როდესაც ევროპის ქვეყნები მიხვდნენ, რომ მათ ბევრი ათლეტი ჰყავდათ, რომლებსაც არ შეეძლოთ ისეთი სპორტით დაკავება, როგორიც არის ცურვა, სირბილი და სხვა ისეთი თამაში, რომელსაც სჭირდება პლასტიური მოძრაობები და ძლიერი კუნთის ტონუსი. საბედნიეროდ, ბოჩა გამოიგონეს სწორედ იმისთვის, რომ იმ ათლეტებს, ვისაც თამაშის საშუალება არ ჰქონდა, მასში მიეღო მონაწილეობა. ბოჩა პარაოლიმპიური სპორტის სახეობა 1984 წელს გახდა. ის ექვემდებარება ბოჩას საერთაშორისო სპორტის ფედერაციას. მას დღესდღეობით 50 ქვეყანაში თამაშობენ.
ბოჩა არის საშუალება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქტიური ცხოვრების საშუალებას აძლევს, აუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხსა და საზოგადოებაში ჩართულობას. ბოჩას თამაში ყველას შეუძლია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან ყველაზე დიდი პოპულარობა ყველაზე მძიმე ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებში მოიპოვა (ცერებრული დამბლა ან ისეთი შეზღუდვა, რომლის გამოც ადამიანი ეტლით გადაადგილდება). ბოჩას თამაში ააქტიურებს როგორც სხეულს, ასევე ტვინს და სპორტულ თერაპიას უწევს მასში ჩართულ ადამიანს. ის საშუალებას აძლევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და შეზღუდვის არმქონე პირებს, გაიცნონ ერთმანეთი, მოახდინონ ინტეგრაცია საზოგადოებაში, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობებში, სკოლებში, სარეაბილიტაციო ცენტრებში ან საერთოდაც სახლში.
თამაშის აღწერა
რედაქტირებაბოჩა არის პარაოლიმპიური სპორტის სახეობა, რომელიც ავითარებს კუნთებსა და სიზუსტეს. მისი თამაში შესაძლებელია როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად. სათამაშო მოედნის ზომებია: 12,5 მ. x 6 მ. მოედნის ზედაპირი უნდა იყოს სწორი, გლუვი და სუფთა, სადაც 6 სასროლი უჯრა იქნება გამოყოფილი. ბოჩას სათამაშო კომპლექტი შედგება 6 წითელი, 6 ლურჯი და 1 თეთრი ბურთისგან. მოთამაშის მთავარი მიზანია „ლიდერ“ (თეთრ) ბურთთან ახლოს მოათავსოს თავის ფერის წითელი ან ლურჯი ბურთი. თამაში გრძელდება მანამ, სანამ მოთამაშეები არ ამოწურავენ მათთვის განკუთვნილი ბურთების რაოდენობას. ბურთი შეიძლება ისროლო, ფეხი მიარტყა ან გააგორო. თუ მოთამაშეს არ შეუძლია ბურთის არც გაგორება, არც სროლა, მას აქვს უფლება გამოიყენოს დამხმარე პანდუსი. თუ მოთამაშეს არ შეუძლია დამოუკიდებლად ბურთის სროლა, მას შეუძლია გამოიყენოს დამხმარე მოწყობილობა - თავისა ან ხელის სამაგრი. ორივე მხარეს აქვს 6 ბურთი (წითელი და ლურჯი) და თამაშის განმავლობაში ცდილობს ამ ბურთებით მოიპოვოს ქულა. ყველა რაუნდის შემდეგ ხდება ქულების დათვლა, რის შემდეგადაც ითვლება საბოლოო ანგარიში. მსაჯი ზომავს ბურთების (წითელი და ლურჯი) დისტანციას თეთრ ბურთთან, რომელიც უფრო ახლოსაა, ის ფერია გამარჯვებული.
ბოჩას თამაში შესაძლებელია როგორც დახურულ დარბაზში, ასევე ღია სივრცეში.
კლასიფიკაცია
რედაქტირებასხვა სპორტის სახეობებისგან განსხვავებით, მოთამაშეები არ არიან დაყოფილი სქესის მიხედვით. ისინი ნაწილდებიან 4 კატეგორიაში, მათი უნარებისა და ფუნქციური შესაძლებლობების მიხედვით:
- BC 1 — ამ კატეგორიის მოთამაშეები ბურთს ხელით ან ფეხით ისვრიან. მათ შეუძლიათ, ისარგებლონ ასისტენტის დახმარებით, რომელიც სათამაშო უჯრის გარეთ დგას და ეხმარება მოთამაშეს ბურთის მიწოდებაში ან სკამის გასწორებაში.
- BC 2 — ამ კატეგორიის მოთამაშეები ბურთს ხელით ისვრიან. მათ არ აქვთ ასისტენტის გამოყენების უფლება.
- BC 3 — ამ კატეგორიის მოთამაშეებს ოთხივე კიდურის დისფუნქცია აქვთ და არ შეუძლიათ ბურთის სროლა, მათ შეუძლიათ მხარის მოძრაობა, თუმცა, არა ბურთის სროლისათვის საჭირო მოძრაობის შესრულება. მათ უფლება აქვთ, ასისტენტთან ერთად გამოიყენონ ისეთი დამხმარე მოწყობილობა, როგორიც არის პანდუსი. ასისტენტი აუცილებლად ზურგით უნდა იდგეს მოედნისკენ.
- BC 4 — ამ კატეგორიის მოთამაშეებს ოთხივე კიდურის დისფუნქციასთან ერთად ახასიათებთ წელის სუსტი კონტროლი. მათ აქვთ იმის საკმარისი უნარი, რომ ბურთი ისროლონ მოედანზე, მაგრამ არ აქვთ ასისტენტის გამოყენების უფლება.
შეჯიბრების სახეობები
რედაქტირება- ინდივიდუალური (ყველა) — ორი ერთნაირი კატეგორიის წარმომადგენელი მოთამაშე ხვდება ერთმანეთს, სადაც ისინი 6 რაუნდს თამაშობენ.
- გუნდური (BC1 და BC2 ერთად) — გუნდში არის 3 მოთამაშე, მათ შორის 1 BC1-ის წარმომადგენელია. ყველა მოთამაშეს 2 ბურთი აქვს და ისინი 6 რაუნდს თამაშობენ.
- წყვილი (BC3) — ორი მოთამაშე ორივე მხარეს ხვდება ერთმანეთს. ისინი 4 რაუნდს თამაშობენ და თითოეულს 3 ბურთი აქვს.
- წყვილი (BC4) — ორი მოთამაშე ორივე მხარეს ხვდება ერთმანეთს. ისინი 4 რაუნდს თამაშობენ და თითოეულს 3 ბურთი აქვს.
ბოჩა საქართველოში
რედაქტირებასაქართველოში სპორტის ეს სახეობა 2015 წლიდან დაინერგა და განვითარდა. საქართველოს ბოჩას ფედერაციის გენერალური მდივანი და ბოჩას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი არის თინათინ რევაზაშვილი.
2022 წლის 27 მაისს, თბილისში, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს ბოჩას ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს პირველი ჩემპიონატი ბოჩაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს პარასპორტსმენებმა თბილისის, გორის, ქუთაისის და ბაღდათის კლუბებიდან.[3]