ბორცვისჯვარის ეკლესია
ბორცვისჯვარის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელი ტბეთის ჩრდილოეთით 2 კილომეტრში. აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში.
ისტორია
რედაქტირებაეკლესიის სამხრეთ შესასვლელის ბალავრის ქვაზე ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა: „ქ.სახელითა-ღმრთისაითა ესე ბალაჰვარი მე, ტბელმან პატრიკმან ძემან ქავთაოისაგან დავდევ, სალოცველად სულისა ჩემისა და შვილთა ჩემთათუინ. ჯუარი ბორცკ საო მელხ ექმენ“.
აღწერა
რედაქტირებაეკლესია დარბაზულია. სამხრეთიდან მიშენებული აქვს დიდი კარიბჭე-სამრეკლო. ეკლესიას ეტყობა მრავალგზის გადაკეთების კვალი. შესასვლელები სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. თაღები მოგვიანებით აღდგენილია ქართული აგურით.
ინტერიერში აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა, ცენტრში თაღოვანი სარკმლით. აბსიდის სამხრეთ ნაწილში მაღალი, ტრაპეციის ფორმის ნიშაა. აბსიდის ტრიუმფალური თაღის ჩრდილოეთი ნახევარი ეყრდნობა ცალკე მდგომ სვეტს, რომელიც ჩრდილოეთი კედლიდან 1 მეტრითაა დაშორებული. ეს მანძილი გადიდებულია კედელში გამოღებული ღიობით და იქმნება გვერდითი შესასვლელი აბსიდში. სვეტს მიდგმული აქვს კანკელი თაღოვანი აღსავლის კარებით.
ჩრდილოეთი კედლის ცენტრში სარკმელია. დასავლეთი კედლის ქვედა ცენტრალურ ნაწილში თაღოვანი შესასვლელია, მის ზემოთ — თაღოვანი სარკმელი. კამარა ცილინდრულია. ინტერიერის კედლები დაფარული იყო ფრესკებით. ისინი ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი.
კარიბჭე სამივე მხარეს გახსნილი იყო ნახევარწრიული თაღებით. ასეთივე (შედარებით დიდი ზომის) თაღითაა იგი მიდგმული ეკლესიის სამხრეთ ფასადს. კარიბჭეზე დადგმული სამრეკლო კიდევ უფრო გვიანი პერიოდისაა. წყობაში შერეულია ქართული აგური. გააჩნია შეუფერებელი პროპორციების სვეტები და კაპიტელები. სამრეკლოდან გადარჩენილია აღმოსავლეთის ორი სვეტი და სამხრეთ-დასავლეთის ერთი სვეტი. სამრეკლოსა და კარიბჭეს გამყოფი გადახურვა ჩამონგრეულია. კარიბჭე გადახურული იყო ცილინდრული კამარით.
ეკლესიას შემოუყვებოდა კარნიზი — წრეთარგი და ლილვი. მასიური კარნიზის ყველა ქვა ჩამოცვენილია. ეკლესიის ფასადები ნაგებია ღია ფერის, ადგილობრივი ჯიშის ცუდად დამუშავებული ქვის კვადრებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- თოფურია ვ., შიდა ქართლში დაცული ზოგიერთ სიძველეთა წარწერები. საისტორიო მოამბე, II, 1924. გვ. 133.
- შოშიაშვილი ნ. ლაპიდარული წარწერები, I, გვ. 180.
- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 174-176