ბოლოთრია — ქართული ხალხური ბორბლიანი ტრანსპორტის ერთ-ერთი ორიგინალური სახეობა. იყენებდნენ აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, ქართლის ბარისა და მთის გარდამავალ ზოლში. ზოგან ახლაცაა შემორჩენილი. ბოლოთრია შერეული სახის ტრანსპორტია, მასში თავისებირადაა შეხამებული ბორბლიანი ურემი და მარხილი. ბოლოთრიას ოთკუთხა კორპუსი შედგება პარალელური გრძელი ძელებისა („დათვები“) და რამდენიმე გარდიგარდმო ხარიხისაგან (დანდლები); ხელნებით უკავშირდება უღელს. კორპუსი წინა ნახევრით ეყრდნობა დაბალთვლიან ღერძს, რის გამოც უკან გადაწონილი და დათვების მსხვილი ბოლოებით მიწას ეხება. საზიდის სახელწოდებაშიც სწორედ ეს სპეციფიკა ჩანს. მოძრაობის დროს დათვების ბოლო ყოველთვის მიწაზე ეთრევა და ამდენად მუდმივი მუხრუჭის როლსაც ასრულებს.

ბოლოთრიას კორპუსის წინა და ბოლო ნაწილები ლატნებით არის ბადისებურად გაწყობილი, იგი უმთავრესად ნამკალისა და თივის საზიდია. მასში უღელ ხარს ან კამეჩს აბამენ. ტვირთს ამაგრებენ ბერათი (გრძელი, ძელი) და თოკით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გეგეშიძე მ., ქართული ხალხური ტრანსპორტი, ტ. 1, თბ., 1956;